ქუთაისში ბელგია გავანადგურეთ

0
44

ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში ბელგიას 12 ლელო გაუტანეს და „აია არენაზე“ ლამაზ სტილში, 78:6 დაამარცხეს.

აკაკი ტაბუცაძე გახდა პირველი მორაგბე, რომელმაც ნაკრების კვართით ერთ მატჩში 4 ლელო გაიტანა. მან ბორჯღალოსნებში მეორე შეხვედრა ჩაატარა და უკვე 5 ლელო აქვს გატანილი.

დუბლი მიითვალა ზურაბ ძნელაძემ, ხოლო ვანო კარკაძემ, სოსო მათიაშვილმა, გიორგი ბეგაძემ, ბექა გორგაძემ და გიორგი თხილაიშვილმა თითო-თითო ლელო მიითვალეს. ბეგაძესთვის და კარკაძესთვის ეს პირველი სანაკრებო ლელო იყო. კიდევ ერთ შემთხვევაში ბელგიელები საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ, თედო აბჟანდაძემ კი, 11 გარდასახვიდან 8 ზუსტად შეასრულა.

ბორჯღალოსნებს ბელგიელები აქამდე ხუთიდან ხუთჯერ ყავდათ დამარცხებული, მეექვსე ჯერზე კი სარეკორდო სხვაობით მოუგეს.

ამ მატჩში ორი დებიუტი შედგა – მეორეხაზელმა ლაშა ჯაიანმა და შუამარბმა დემე თაფლაძემ ეროვნული გუნდის კვართი პირველად მოირგეს. უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტანი თაფლაძე, ამ მატჩის შემდეგ საფრანგეთში გაემგზავრება და ილია მაისურაძის რაზმს შეუერთდება, რომელიც მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება და ფრანგ თანატოლებს 26 თებერვალსა და 1 მარტს შეხვდება.

პირველი ტაიმი

ბორჯღალოსნებმა თამაში თავიდანვე მაღალ ტემპში, აგრესიული შეტევებით დაიწყეს და მეტოქე პირველიდან ბოლო წუთამდე წნეხში ამყოფეს. ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა, თედო აბჟანდაძემ კაცი გამოტოვა და მარჯვენა ფრთაზე ტაბუცაძე მოძებნა, რომელმაც პირველი ლელო ალამთან გაიტანა, ხოლო აბჟანდაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა.

მე-12 წუთზე ახალგაზრდა კვაჭმა ვანო კარკაძემ რაქიდან შეუტია და მე-5 სანაკრებო მატჩში პირველი ლელო გაიტანა.  მალევე გუნდის კაპიტანმა ბექა გორგაძემ კონტრშეტევა წამოიწყო, ზურაბ ძნელაძემ ბოლო მცველი აიყვანა და ლელო სოსო მათიაშვილმა გაიტანა, ხოლო თედომ ესეც გარდასახა. 24-ე წუთზე როლები შეიცვალა, დერეფნიდან შეტევის შემდეგ მცველი უკვე მათიაშვილმა აიყვანა და ლელოში ძნელაძე შეუშვა, ხოლო 38-ე წუთზე სტუმრებმა აშკარა ლელოსგან თავი წესების დარღვევით დაიცვეს და საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ. ბელგიამ ტაიმის შუაში და მიწურულს ორი საპასუხო ჯარიმის გატანა მოახერხა – 33:6.

მეორე ტაიმი

შესვენებისას ლევან მაისაშვილმა ცვლილებები განახორციელა, თუმცა სურათი არ შეცვლილა. თამაში 3 წუთის განახლებული იყო, როდესაც ბელგიელებმა საკუთარი 22-იდან ფეხით სცადეს გამოსვლა, ბურთი გიორგი ბეგაძემ მეტოქეს ხელიდან ააცალა და 66-ე სანაკრებო მატჩში, თავისი პირველი საერთაშორისო ლელო გაიტანა. 10 წუთში ბურთი ფრთაზე ბოლომდე ჩათამაშდა და ტაბუცაძემ დუბლი შეასრულა. დერეფნის შემდეგ ბურთი ბექა გორგაძეზე სწრაფად გავიდა, გუნდის 33-ე კაპიტანმა სამი მბოჭავი არ შეიმჩნია და ძალისმიერი ლელო გაიტანა.

შემდეგ დერეფანს კვლავ ლელო მოყვა, ოღონდ ამჯერად ბორჯღალოსნებმა მოლი ჩამოაყალიბეს, 6 მეტრი სწრაფად დაფარეს და იერიში გიორგი თხილაიშვილმა დაასრულა. დასკვნით 10 წუთში კიდევ 3 ლელო გავიდა. ძნელაძემ ჯერ დუბლი შეასრულა, მერე კი ტაბუცაძე კიდევ ორჯერ გაიქცა ფრთაზე და ორ მატჩში სანაკრებო ლელოების რაოდენობა უკვე 5-მდე გაზარდა – 78:6.

პრესკონფერენცია

ნამატჩევს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და კაპიტანი ბექა გორგაძე თამაშის ხარისხით და შედეგით კმაყოფილები იყვნენ.

ლევან მაისაშვილი: „თამაშს პირველივე წუთიდან ყველა კომპონენტში ვაკოტროლებდით, რაც თავიდანვე გვქონდა დაგეგმილი. ბიჭებს ვუთხარი, რომ ანგარიშის მიუხედავად ყველა შეტევაში ისე გვეთამაშა, თითქოს ეს იყო ჩვენთვის ბოლო შანსი და მათ ამოცანას თავი კარგად გაართვეს. ტექნიკურად და ფიზიკურად დიდი უპირატესობა გვქონდა, თუმცა ხანდახან ასეთ შემთხვევაშიც არაა მარტივი ქულების აღება და მადლობა ბიჭებს თავდადებული თამაშისთვის“.

„ერთადერთი, რისი ნახვაც დღეს არ მინდოდა, ეს ეგოისტური თამაში იყო, რაც ამ შემთხვევაში მინიმუმამდე დავიდა. ყველა თამაშობდა გუნდისთვის, რაც ძალიან კარგია. რაგბი ევროპაზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენ რას გავაკეთებთ. ფიზიკურად, ტექნიკურად თუ ტაქტიკურად, შეგვიძლია ვიყოთ დომინანტები და თუ ეს ვერ შევძელით, მხოლოდ ჩვენი ბრალი იქნება და არა მეტოქის. მე არ ვაკნინებ მოწინააღმდეგეს. დავალებები ამ თამაშში უკეთ შესრულდა, ვიდრე წინა ორ შემთხვევაში და ეს ძალიან კარგია“.

„ლაშა ჯაიანს და დემე თაფლაძეს დიდი ხანია ვიცნობ. ორივემ ბრწყინვალედ ჩაატარა დღევანდელი შეხვედრა და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ მათ პერსპექტიული მომავალი აქვთ. სადაც შანსი გვექნება, მათ აუცილებლად მივცემთ თავის გამოჩენის შესაძლებლობას“.

ბექა გორგაძე: „მთელი კვირის განმავლობაში ამისთვის ვემზადებოდით. გვსურდა გარკვეულ კომპონენტებში თამაში გაგვეუმჯობესებინა და ეს ანგარიშში აისახა. პირველიდან ბოლო წუთამდე მობილიზებული ვიყავით და მთლიანობაში კმაყოფილები ვართ. ასეთ მეტოქეებთან ხშირად ხდება, რომ თამაშს ინდივიდუალურად იწყებ, თუმცა ამ შემთხვევაში ყველაფერი კარგად წავიდა, ბელგიელთა სუსტ ფრთებს შევუტიეთ და ბევრი ლელო გავიტანეთ“.

„პასიხუსმგებლობა დიდი იყო და მოხარული ვარ, რომ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც დაგეგმილი გვქონდა. ამაში ბიჭები დამეხმარნენ, მარტო ვერაფერს გავხდებოდი. წნეხი იყო, რადგან ახალგაზრდული შემადგენლობით ვთამაშობდით, თუმცა ყველაფერი კარგად წავიდა. ახლა ჩვენი მიზანია, რომ ასე გავაგრძელოთ“.

ბელგიელთა თავკაცმა გიომ აჟაკიმა იმედი გამოთქვა, რომ სულ მალე საქართველოს ნაკრები უფრო მაღალ დივიზიონში, ექვს ერში ითამაშებს:

„დიდი მადლობა ყველას დღევანდელი მატჩისთვის. ადრეც ავღნიშნე და გავიმეორებ – ჩვენი მიზანი იყო, რომ მომდევნო შეხვედრებისთვის მოვმზადებულიყავით. დიდი სხვაობით წავაგეთ, მაგრამ ვეთამაშეთ რაგბი ევროპის ჩემპიონატის უძლიერეს გუნდს. მიმაჩნია, რომ ეს შეხვედრა გამოგვადგება მიზნის მისაღწევად, რაც ლიგაში დარჩენაა. ჩვენი და საქართველოს შორის ისეთი სხვაობაა, რომ ფაქტობრივად სხვადასხვა დივიზიონში ვთამაშობთ. თქვენ გყავთ პროფესიონალი მორაგბეები, რომლებიც კვირაში 7 დღე ვარჯიშობენ, მსოფლიო თასის არაერთი მონაწილეა, ჩვენ კი ფაქტობრივად მოყვარულები ვართ. დღეს ყველამ ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ საქართველოსთან ეს საკმარისი არაა. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ამ დივიზიონში აღარ მოუწევს თამაში და მალე იქნება ექვს ერში, იმ დივიზიონში, სადაც თამაშს იმსახურებს“.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2020. III ტური. 22 თებერვალი

ქუთაისი. აია არენა.

საქართველო – ბელგია 78:6

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენსი), 14. ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), 13. დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი), 12. ლაშა მალაღურაძე (ვვა, რუსეთი), 11. აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, საფრანგეთი), 9. გელა აფრასიძე (მონპელიე, საფრანგეთი);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 2. ვანო კარკაძე (ბრივი, საფრანგეთი), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 4. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, ინგლისი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიში, ინგლისი), 6. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, საფრანგეთი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო, საფრანგეთი).

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, რუსეთი), 17. გიორგი თეთრაშვილი (აჟენი, საფრანგეთი), 18. ლაშა ტაბიძე (ბორდო, საფრანგეთი); 19. დავით გიგაური (კოლომიე, საფრანგეთი), 20. ბექა საღინაძე (ორიაკი, საფრანგეთი); 21. გიორგი ბეგაძე (ჯიქი), 22. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 23. თამაზ მჭედლიძე (რუანი, საფრანგეთი).

12 ლელო: ტაბუცაძე (4), კარკაძე, მათიაშვილი, ძნელაძე (2), საჯარიმო, ბეგაძე, გორგაძე, თხილაიშვილი

8 გარდასახვა: აბჟანდაძე