შენგელია 13, ბურჯანაძე 10 – “ბასკონიამ” “გრან კანარიას” სტუმრად მოუგო

0
44

ესპანეთის ჩემპიონატში ქართული დერბი შედგა. თორნიკე შენგელიას “ბასკონია” სტუმრად ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიას” შეხვდა და 89:72 დაამარცხა. ორივე ქართველის ანგარიშზე ჯამში 23 ქულა გახლდათ.

შენგელია  სასტარტო ხუთეულში იყო და 34:16 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი და ხუთივე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 8-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, თორნიკე სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა რიგებში მხოლოდ ამერიკელ შეივონ შილდსს (24) ჩამორჩა, რომელმაც 15 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. 16 ქულა ჰქონდა აქტივში ილიმანე დიოპს.

ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 17:40 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და  ჩაჭრა მიითვალა. ბექამ სამივე ორქულიანი და ხუთიდან 4 საჯარიმო გამოიყენა, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

“ბასკონია” 8 მოგებითა და 9 მარცხით მეთერთმეტე ადგილზეა, “გრან კანარია” კი იდენტური მაჩვენებლებით მეთორმეტეა.

მომდევნო ტურებში, 18-19 იანვარს, ბასკები მადრიდის “რეალს” ესტუმრებიან, კანარელები კი გასვლით შეხვედრაში “სარაგოსას” გაეჯიბრებიან.