გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ლიგის მე-14 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
განვლილ ტურში „იბეროსტარ ტენერიფემ“, სადაც შერმადინი გამოდის, სტუმრად ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიას“ 100:79 მოუგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა თავის კარიერაში სარეკორდო 32 ქულა ჩააგდო, ასევე 9 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
სხვათა შორის, ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთმაშად ორ პოზიციაზე დაასახელეს, რადგან ყველაზე მეტი ქულა დააგროვა და სარგებლიანობის კოეფიციენტიც (42) ყველაზე მაღალი ჰქონდა.
შერმადინი „იბეროსტარ ტენერიფეში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და საშუალოდ პარკეტზე ყოფნა 27 წუთი უწევს.
ქართველი ცენტრი თამაშში საშუალოდ 18,7 ქულა აგროვებს, რაც ლიგაში მეოთხე მაჩვენებელია. გარდა ამისა, მის ანგარიშზე მატჩში საშუალოდ 6,5 მოხსნაა და ამ მხრივ ჩემპიონატში მეცხრეა.
