მესიმ “ბარსას” მადრიდში მოაგებინა

0
64
Barcelona's Lionel Messi in action with Atletico Madrid's Koke during the La Liga Santander match between Atletico Madrid and FC Barcelona, at Wanda Metropolitano, in Madrid, Spain, at December 1, 2019. Photo: Reuters
ესპანეთის ლა ლიგის მეთხუთმეტე ტურის დასკვნით მატჩში, რომელსაც მადრიდის “ვანდა მეტროპოლიტანოზე” 64 226 მაყურებელი დაესწრო,  “ბარსელონამ” “ატლეტიკო” 1:0 დაამარცხა.
 ლოგიკური იქნებოდა, თუ ასპარეზობა ფრედ დასრულდებოდა, მაგრამ “ბარსას” ჰყავს ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია მარტომ გადაწყვიტოს შეხვედრის ბედი – მესიმ 86-ე წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი და კატალონურ გუნდს სამი ქულა მოუპოვა.
მესიმ “ატლეტიკოს” კარი ჩემპიონატის 27 შეხვედრაში 25-ჯერ დალაშქრა – უფრო მეტი მხოლოდ “სევილიას გაუტანა (29). პრიმერას მიმდინარე გათამაშების 8 მატჩში მან 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში 38 სხვადასხვა სტადიონზე გაიტანა, რაც რეკორდია. მესიმ სუარესის პასით 28 გოლი გაიტანა და ამდენივე გოლი გაატანინა ურუგვაელს – ეს XXI საუკუნეში პრიმერაზე ყველაზე შედეგიანი ტანდემია.
“ატლეტიკოსა” და “ბარსელონას” მატჩის დაწყებამდე სტადიონის შესასვლელთან მასპინძელთა გუნდის გულშემტკივრები სკანდირებდნენ: “გრიზმან, მოკვდი, გრიზმან, მოკვდი”.
ფრანგი თავდამსხმელის მიერ ბურთთან ყოველი შეხებისას სტადიონზე გამაყრუებელი სტვენა ისმოდა, ხოლო ტრიბუნებზე ბანერი გამოფინეს: “გრიზმან, წაეთრიე”.
“ბარსელონა” და “რეალი” 31-31 ქულით ლიდერები არიან. მომავალ ტურში, 7 დეკემბერს, “რეალი” ესპანიოლს”, 8 დეკემბერს კი “ბარსელონა” “მალიორკას” უმასპინძლებს.