კრიშტიანუ რონალდუ „მილანთან“ შეხვედრაში მწვრთნელის გადაწყვეტილებას შეცვლასთან დაკავშირებით უარყოფითად შეხვდა, რის გამოც ფაბიო კაპელომ გააკრიტიკა.
იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ რონალდუ არ მოიქცა ჩემპიონისთვის დამახასიათებლად და თანაგუნდელებს ამ ჟესტით პატივის არ სცა.
„რონალდუ არასწორად მოიქცა, ეს ლამაზი ჟესტი არ იყო. ჩემპიონი უნდა იყო მაშინაც, როდესაც გცვლიან და შეცვალეს იმიტომ, რომ გუნდს მოგება უნდოდა. თუ ჩემპიონი ხარ, თანაგუნდელებს პატივსაც უნდა სცემდე, სათადარიგო სკამზე არდაჯდომა და სარის მისამართით პოლემიკა, მოსაწონი ჟესტი არაა.
ცხადია, ნამდვილი ჩემპიონია, მაგრამ ფორმაში უნდა შევიდეს. ახლა მას კარგი პერიოდი არ აქვს, დიბალა კი პირიქით, კარგ ფორმაშია. კრიშტიანუს სამი წელია მოწინააღმდეგე არ მოუტყუებია და ეს სიმართლეა. სამაგიეროდ, დიბალას და დუგლას კოშტას ამის გაკეთება ძალიან კარგად შეუძლიათ, “იუვენტუსი” კი რონალდუზე დამოკიდებული არაა და თამაშების მოგება მის გარეშეც შეუძლია. რონალდუ ესპანეთში საჯარიმოში ნამდვილ მკვლელად მახსოვს, ახლა ფორმა უნდა აღიდგინოს. მე რომ მისი მწვრთნელი ვიყო, გასახდელში ვეტყოდი, რომ თანაგუნდელებისთვის პატივი ეცა“, – თქვა კაპელომ.
შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუ მაურიციო სარიმ „მილანთან“ მატჩის 55-ე წუთზე შეცვალა და პორტუგალიელი ჯერ პირდაპირ გასახდელში შევიდა, მერე კი საერთოდაც სტადიონი თამაშის დასრულებამდე დატოვა.
„იუვენტუსმა“ კი „როსონერი“ პაულო დიბალას ერთადერთი გოლით დაამარცხა, რომელიც მოედანზე სწორედ რონალდუს ნაცვლად გამოჩნდა.