საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე შეხვედრაში თბილისის “დინამო არენაზე” ირლანდიას დაუპირისპირდა. მატჩი გარადამავალი უპირატესობით წარიმართა, გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. საბოლოოდ, ჯგუფის ლიდერთან მატჩი გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა.
ირლანდიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ლევან შენგელიას დებიუტი შედგა. თურქული “ქონიასპორის” შემტევი თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო. მან გიორგი ქვილითაია შეცვალა.
მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა განვლილი თამაში შეაფასა:
ვლადიმირ ვაისი: “დაცვაში კარგი თამაში ვაჩვენეთ, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ გოლის გატანა ვერ შევძელით. თამაშის მოგებას ვცდილობდით, ამისთვის ტაქტიკაც შევცვალეთ, მაგრამ ირლანდიის წინააღმდეგ ამის გაკეთება იოლი არა არის. გუშინაც აღვნიშნე, ირლანდიელებს კარგად ორგანიზებული ნაკრები ჰყავთ.
მოსაგებად ბევრი ვეცადეთ, მაგრამ კონკრეტულ მომენტებში უფრო უკეთესად უნდა გვემოქმედა. მიუხედავად ამისა, მე ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ. თამაშის სცენარიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ალბათ ირლანდიაც კმაყოფილია შედეგით. რადგან მატჩის ბოლოს მოწინააღმდეგე უფრო დაცვით სტილზე გადაერთო და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა”.
“საქართველო 0:0 ირლანდია
თბილისი, “დინამო არენა”
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კანკავა, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი (79′ ლობჯანიძე), ანანიძე, ქვილითაია (73′ შენგელია), კიტეიშვილი (90′ აბურჯანია), ტაბიძე, გრიგალავა.
სათადარიგო შემადგენლობა: მაკარიძე, კუპატაძე, ხოჭოლავა, კვერკველია, დაუშვილი, ხარაიშვილი, ნავალოვსკი, ლობჟანიძე
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
ირლანდია: რენდოლფი, კოულმანი, დაფი, ეგანი, ველანი, დოჰერტი, მაკლინი, რობინსონი (73′ ბროუნი), ჰენდრიკი, ჰურიჰეინი (90+3′ უილიამსი), კოლინსი (79′ კონოლი).
მთავარი მწვრთნელი: მიკ მაკარტი
გაფრთხილება: 65′ ველანი, 88′ გრიგალავა
მსაჯები: მარკო გუიდა (იტალია), ჩირო კარბონე (იტალია), მატეო პასერი (იტალია), დანიელე დოვერი (იტალია)
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას 15 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი გიბრალტარში 13 ოქტომბერს ჩარტერული რეისით გაფრინდება.
ექვსი ტურის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ხუთი ქულა აქვს.