ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D ჯგუფში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მე-5 მატჩი 8 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ დანიასთან გამართა.
დანიელებს თბილისში მთავარი მწვრთნელ ნორვეგიელი ოგე ჰარეიდე ვერ ჩამოჰყვა, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა. მის მაგივრად გუნდი სათამაშოდ ტომასონმა გაიყვანა.
დანიასთან დისკვალიფიკაციის გამო საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ არ ითამაშა, ხოლო მცველი დავით ხოჭოლავა, სოლომონ კვერკველია, ლაშა დვალი, ნახევარმცველები ნიკა კვეკვესკირი და ზურიკო დავითაშვილი გუნდს ტრავმების მიზეზით გამოაკლდნენ.
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ვაკო გვილია ვერ მოხვდა, რაც იშვიათობაა და მის მაგივრად ვლადიმირ ვაისმა საყრდენ ნახევარმცველად აბურჯანია დააყენა.
დაცვის ცენტრში კაშია და გრიგალავა მოქმედებდნენ, მარჯვენა ფლანგზე კაკაბაძე თამაშობდა, მარცხენაზე – ტაბიძე. ნახევარდაცვის ცენტრში აბურჯანია, კიტეიშვილი და ანანიძე ირჯებოდნენ, მარჯვნივ ოქრიაშვილი განამწესეს, მარცხნივ ყაზაიშვილი, ხოლო გამოკვეთილი ფორვარდი ქვილითაია იყო.
სკანდინავიელებმა თავიდანვე ქართველებს მაღალი პრესინგი შესთავაზეს და ინიციატიავაც ხელთ იგდეს. მატჩის დებიუტშივე ერქისენმა საჯარიმო ძალიან სახიფათოდ შეასრულა და ქართველი ფეხბურთელისგან „რიკოშეტის“ შემდეგ ბურთმა გვერდით ძელს ახლოს ჩაუარა.
მე-15 წუთზე, დანიელების შეტევა მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფმა პოულსენმა არაზუსტი დარტყმით დაასრულა. მე-20 წუთზე, კიტეიშვილი მარჯვნიდან დანიელთა საჯარიმოში კარგად შევიდა, მაგრამ მის დარტყმულ ბურთს მცველი გადაეღობა.
25-ე წუთზე, ბრაიტვაიტმა საქართველოს ნაკრების საჯარიმოში ბურთი მკერდზე მიიღო, მარცხნიდან ოდნა ცენტრისკე შეიწია, პაუზა აიღო და შორეულ კუთხეში დაარტყა – მასპინძლების გოლის გაშვებისგან ლორიამ იხსნა.
ცოტა ხანში, იმავე ბრაიტვაირი ქართველების საჯარიმოში ორ მოწინააღმდეგეს გასცდა და ლორიას ახლო კუთხეში დაურტყა – ვაისის გუნდი გოლის გაშვებისგან ისევ ლორიამ იხსნა.
მე-40 წუთზე მარცხენა ფლანგიდან ერიქსენმა კუთხური ჩააწოდა და დილეინის თავურის მერე ბურთს ისევ ლორია დაეუფლა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ანანიძემ მარცხნიდან კუთხური შეასრულა და ოქრიაშვილმა საჯარიმოს ფარგლებს გარედან ბურთი მიწაზე დაუშვებლად ძლიერად, მაგრამ არაზსუტად დაარტყა.
51-ე წუთზე ბრაიტვაიტმა მარჯვენა ფლანგზე ფაქტობრივად გადასულ ბურთს მიასწწრო და მისი პასის შემდეგ დოლბერგის მიერ ახლო კუთხეში დარტყმული ლორიამ გაანეიტრალა. ამ ეპიზოდიდან ოთხ წუთში დანიელების კონტრშეტევა ერიქსენმა დაიწყო და მასპინძელთა საჯარიმოში “ცაციათი” სახიფათო დარტყმით დაასრულა, რომელიც უშედეგო აღმოჩნდა.
53-ე წუთზე, კიტეიშვილმა მოედანის ცენტრში ორ დანიელს გასცდა და სტუმართა საჯარიმოში ყაზაიშვილი მოძებნა, რომელმაც ერთ მცველს გვერდი აუარა, თუმცა მისი დარტყმული სხვა სკანდინავიელს მოხვდა. 66-ე წუთზე ვაისმა ყვითელი ბარათი მიიღო, რადგან ქართველების სასარგებლოდ აშკარა ჯარიმა არ დადო. ქართველების მწვრთნელი რომელიც საერთოდ თავშეკავებულია ხოლმე იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ ფრანგმა არბიტრმა რამდენიმე საეჭვო სიტუაციაში გადაწყვეტილება დანიელთა სასარგებოდ მიიღო.
69-ე წუთზე, მარჯვნიდან კაკაბაძემ ჩააწოდა და ლარსენს თავის საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა.
76-ე წუთზე, ყაზაიშვილმა ჰაერიდან ბურთი მშვენივრად დაამუშავა და საჯარიმოს გარედან “გაისროლა” – გოლის გატანამდე მცირედი დააკლდა.
საპასუხო შეტევაში დისგაარდმა მარჯვნიდან ჩააწოდა და ბრაიტვატის მიერ თავით დარტყმული ბურთი ლორიამ ხელებში დააფიქსირა,
მალე, კაკაბაძემ ცუდი პასი მისცა ლორიას, რომელმაც ასევე ბურთი ციდად მოიგერია და დანიელებმა მეტოქის კართან ერიქსენი დატოვეს, რომელსაც კაშია რომ არ წმოწეოდა, ალბათ, ანგარიშს გახსნიდა.
81-ე წუთზე, ანანიძემ მარცნიდან საჯარიმო შეასრულა და ქვილითაიას თავურის მერე ბურთიზედა ძელს მოხვდა, თუმცა, მსაჯმა თაამშგარე დააფიქსირა. 82-ე წუთზე, ტაბიძე მარცხენა ფრთაზე შეცდა და დანიელების შეტევა შონემ დაასრულა – ბურთი ხარიხას მოხვდა.
მატჩის ბოლო წუთზე ოქრიაშვილმა საჯარიმოს სიახლოვედან “სტანდარტული” შეასრულა და შმეიხელმა ბურთი ხელებში დაიჭირა.
საქართველო – დანია 0:0
თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია (კ), ტაბიძე, გრიგალავა, ანანიძე, ყაზაიშვილი, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, ქვილითაია (დაუშვილი, 89), აბურჯანია (გვილია, 85).
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
დანია: შმეიხელი, კიაერი (კ), კრისტენსენი, დელეინი, ერიქსენი, ბრაიტვაიტი, დოლბერგი (გუტკაიერი, 67), დასგარდი, ლარსენი, ჰოიბერგი (შონე, 73).
მთავარი მწვრთნელი მოვალეობის შემსრულებელი: იან-დალ ტომასონი
გაფრთხილება: გრიგალავა (42), შონე (87), კაკაბაძე (89)
მთავარი მსაჯი: ფრანსუა ლეტექსე (საფრანგეთი)
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
ვლადიმირ ვაისი: “საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობის პერიოდში ეს ჩემი საუკეთესო შედეგია. უფრო მეტიც კი, ვიდრე ესპანეთთან მოგებული შეხვედრა, რადგან ბევრმა ფეხბურთელმა ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში. დაცვაში კარგად ვითამაშეთ, მეორე ტაიმში კი, თამაში შეტევაშიც გამოვასწორეთ და 2-3 სახიფათო მომენტი შევქმენით.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ დანია უმაღლესი დონის ნაკრებია, ჩემი აზრით, ის მსოფლიოს 10 საუკეთესო გუნდშია, კრისტიან ერიკსენი კი, ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია თანამედროვე ფეხბურთში.
ვფიქრობ, რომ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, გულშემატკივარს კარგი თამაში შევთავაზეთ. ჩვენ ვაჩვენეთ ხარისხი და ხასიათი. დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ფეხბურთელებს და გულშემატკივარს, რომელიც შესანიშნავად გვამხნევებდა”.
დანიასთან მატჩში ნაკრებს ჯაბა კანკავას დისკვალიფკაციის გამო, გურამ კაშია კაპიტნობდა.
გურამ კაშია: “ტაქტიკურად ძალიან გამართულად ვითამაშეთ, წინა ხაზის მოთამაშეები 100 პროცენტით დაიხარჯნენ, რითაც მცველებს ძალიან დაგვეხმარნენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცუდად დაწყებული საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, თამაშიდან თამაშამდე ვპროგრესირებთ.
გასულ მატჩებში დაშვებული შეცდომები დანიის წინააღმდეგ გამოვასწორეთ და განსაკუთრებით მეორე ტაიმში გამართული ფეხბურთი ვითამაშეთ. აღსანიშნავია, რომ კორეის წინააღმდეგაც ბევრი მომენტი შევქმენით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ვპროგრესირებთ.
ასევე სასიხარულოა, რომ გამოჩნდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, ვისი იმედიც შეგვიძლია გვქონდეს.”
ოთარ კიტეიშვილი: “ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი თამაში იყო. საკმაოდ მაღალი დონის ნაკრებს დავუპირისპირდით და ამიტომ ვფიქრობ, რომ ფრე კარგი შედეგია. ამის მიუხედავად, მსურს აღვნიშნო, რომ იყო მომენტები, სადაც უკეთ შეგვეძლო მოქმედება და თამაშის მოგება, მაგრამ ასეთივე შანსები დღეს დანიასაც ჰქონდა.”
საქართველოს ეროვნული ნაკრები შესარჩევი ეტაპის მომდევნო და წლის ბოლო საშინაო მატჩს თბილისის “დინამო არენაზე” 12 ოქტომბერს, ირლანდიის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს.
