რიყის პარკში ევროპის თასი გაიხსნა

0
29

თბილისის რიყის პარკში დაიწყო 3X3 კალათბურთში 2019 წლის ევროპის თასის გათამაშება 18-წლამდელთა შორის.

ჩემპიონატზე  ევროპის 16 ქვეყნის 24 ნაკრები (12 გოგონათა და 12 ვაჟთა) გუნდი მონაწილეობს. მათ შორის საქართველო წარმოდგენილია როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა ნაკრებით.

რიყის პარკში ევროპის თასი 6 სექტემბერს გაიხსნა, ხოლო 8 სექტემბერს საზეიმო დაჯილდოებით დასრულდება.

გახსნის ცერემონიალმა შთამბეჭდავად ჩაიარა. ღონისძიება მოცეკვავე გოგონათა და ბიჭების ჯგუფმა გახსნა, რის შემდეგაც საქართველოს დროშების ფონზე გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნები „სუხიშვილების“ ნაციონალურმა ბალეტის ანსამბლმა აღაფრთოვანა.

გახსნის ცერემონიალის ოფიციალური ნაწილი მონაწილე ქვეყნების ეროვნული დროშების წარდგენას დაეთმო, რის შემდეგაც მაყურებელთა წინაშე ფიბა-ევროპის აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი წარსდგა. დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა.

ტურნირის პირველ სათამაშო დღეს საქართველოს ნაკრები მხოლოდ გოგონებით წარსდგა. ჩვენმა ნაკრებმა 2 შეხვედრა გამართა – პირველი უნგრეთთან, ხოლო მეორე – გერმანიასთან.

სამწუხაროდ, ქართველი გოგონები ორივე შეხვედრაში დამარცხდნენ. პირველი მატჩი, უნგრელებთან, საქართველომ 6:15 დათმო, ხოლო გერმანიასთან დაპირისპირება 6:21 წააგო. ამით, საქართველოს ნაკრებმა პლეი ოფის საგზური ვერ მოიპოვა და მისთვის ევროპის პირველობა დასრულდა.

7 სექტემბერს,  ჩემპიონატში  საქართველოს ვაჟთა ნაკრები ჩაერთვება. ჩვენი ნაკრები 19:30 საათზე საფრანგეთს, ხოლო 21:00 საათზე ესტონეთს დაუპირისპირდება.

ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია ფიბა-ს ოფიციალურ  Youtube არხზე ხორციელდება. მატჩებს პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხისა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდი გადასცემს.  აგრეთვე საქართველოს მეორე არხზე. ტელემაყურებლებს ევროპის თასის ხილვა  საქართველოს მეორე არხის ეთერში 18:00 საათიდან შეუძლიათ.