ევროთასს “ფეიენოორდთან” დაზავებით დავემშვიდობეთ

0
55

ქართული ფეხბურთის ისტორიაში მეორედ მოხდა, რომ უეფას სანქციის გამო, გუნდს ევროთასებზე საშინაო მატჩის ჩატარება უმაყურებლოდ მოუწია.

ორივე შემთხვევაში თბილისის „დინამომ“ დაისაჯა. პირველად უეფამ თბილისელებს ანალოგიური ვერდიქტი 2003-2004 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის „ტირანასთან“ მატჩში გამოუტანა.

ამჯერად, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიცაზიამ დინამოელები ქომაგების მიერ „გაბალასთან“ შეხვედრაში გამოფენილი ბანერის გამო დასაჯეს, რომელიც რასისტულად მიიჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩი დახურული იყო, ჰოლანდიელი ქომაგების გარკვეული ჯგუფი ტრიბუნებზე მაინც იყო, რადგან უეფას რეგლამენტით ასეთ დროს სტუმარი გუნდის 200 მხარდაჭერს სტადიონზე ყოფნა შეუძლია.

“ფეიენოორდმა” პირველი მატჩი შინ 4:0 მოიგო, ხოლო საპასუხო შეხვედრაში როტერდამელებისთვის ფრე მისაღები შედეგი იყო და პლე ოფში უპრობლემოდ გავიდნენ.

მატჩის დებიუტში მარცხენა ფლანგიდან “დინამოს” შეტევს დროს ქიმაძემ ჩააწოდა მეტოქის კართან, სადაც მყოფი ქავთარაძეს ცოტა დააკლდა ბურრთს რომ მიწვდომოდა, თორემ შესაძლოა ანგარიშიც გაეხსნა.

მე-10 წუთზე სტუმრებს გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდათ, როცა ნარსინგი მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და პასი ბერგუისს მისცა, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.

ცოტა ხანში იმავე ნარსინგმა თავისი წამოწყებული შეტევა კარში დარტყმით დაასრულა და დინამოელები გოლის გაშვებისგან ნახტომში პერალესმა იხსნა.

26-ე წუთზე, პაპავამ ცრუ მოძრაობით მოედნის ცენტრში ორი მეტოქე სახტად დატოვა და საუცხოო პასით ჰოლანდიელთა მეკარეს ქარდავა შეატოვა, რომლის დარტყმული ვერმერმა მოიგერია.

39-ე წუთზე, შენგელია მარცხენა ფლანგზე გაიჭრა და სტუმართა საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა, მაგრამ ქავთარაძე ბურთს ისევ ვერ მიწვდა. საბოლოოდ, პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

52-ე წუთზე ჰოლანდიელები ბურთის ამოტანის დროს თავის საჯარიმოსთან შეცდნენ და ქავთარაძემ პასი არ დაუგვიანა შენგელიას, რომელმაც ვერმერთან პირისპირ დარჩენილმა თავისი შანსი ხელიდან არ გაშვა – 1:0

57-ე წუთზე ბერგუისმა კუთხური მოაწოდა და ბოტეგინის მიერ თავით დარტყმული ბურთი მეჯუბმა ფეხით ცუდად მოიგერია და დამატებაზე ჰოლანდიელთა კაპიტანმა უკვე ფეხით გაიტანა – 1:1.

61-ე წუთზე, პაპავამ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და თავის ნახევრიდან საუცხოო პასი მისცა შენგელიას, რომელიც ვერმერთან ერთი-ერთზე გავიდა, მაგრამ არ დაარტყა და ქავთარაძეს გადააწოდა ბურთი, რომელსაც დინამოელთა ნახევარმცველი ვერ მისწვდა. თბილისელებმა დაწიანურების რეალური შანსი ხელიდან გაუშვეს.

ამ ეპიზოდიდან ორ წუთში, “ფეიენოორდის” რიგებში ყველაზე აქტიური ნარსინგი მასპინძელთა კართან ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ ვერ გაიტანა.

74-ე წუთზე, მარჯვნიდან თბილისელთა შეტევისა და ჩამოწოდების დროს, გერტრუიდამ თავის საჯარიმოსთან ბურთი ცუდად მიიღო და ნინუამ შორეულ კუთხეში სახიფათოდ, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა.

88-ე წუთზე, ნარსინგის მორიგ გარღვევას “დინამოს” საჯარიმოში მყოფი ბანისისადმი პასი მოჰყვა, რომელმაც ახლო მანძილიდან შემოტრიალებით დაარტყა და ანგარიში გაზრდის კარგი შანსი ვერ გამოიყენა.

“დინამო” ევროთასებზე შემორჩენილი ბოლო გუნდი იყო და ქართველებისთვის ევროსეზონი დასრულდა.

„დინამო“ (თბილისი) – „ფეიენოორდი“ (როტერდამი) 1:1(0:0)„დინამო“: პერალესი, მონხილი, კობოური, რუხაია (კ), მეჯუბი, ქარდავა, პაპავა, შენგელია, ქიმაძე (აზაროვი, 80), ნინუა, ქავთარაძე (იაშვილი, 69).
მთავარი მწვრთნელი: ფელის ვისენტე
„ფეიენოორდი“: ვერმერი, ჰაპსი (მალაცია, 70), ვან დერ ჰეიდენი, ნარსინგი, ბერგუისი (ბანისი, 79) ლარსონი, ტაპია (კელი, 70), კოკჩუ, ბოტეგინი (კ), ბურგერი, გერტრუიდა.
მთავარი მწვრთნელი: იაპ სტამი
გაფრთხილება: გერტრუიდა (30), პაპავა (43), ქავთარაძე (44), ბერგუისი (45+3)
გოლი: 1:0 შენგელია (52), 1:1 ბოტეგინი (57)
მთავარი მსაჯი: საშა შტიგემანი (გერმანია)