უმცროსი ბორჯღალოსნები – გაისადაც ელიტაში!

0
42

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა დასკვნით 3 წუთში 23-ფაზიანი შეტევა აკინძეს, რომლის დროსაც 60 მეტრი დაფარეს, ბოლო დარტყმა მეტოქეს ვანო კარკაძემ მიაყენა, რომელმაც გამარჯვების ლელო გაიტანა და საქართველომ ფიჯი 12:8 დაამარცხა!

ეს იყო ჩვენი გუნდის მეოთხე და უმნიშვნელოვანესი მატჩი არგენტინაში მიმდინარე 20-წლამდელთა ჩემპიონატზე. სწორედ ამ შეხვედრაში წყდებოდა, ვინ დაიბევებდა გაისად ელიტაში თამაშს და ვის მოუწევდა დასკვნით დღეს შოტლანდიასთან ბრძოლა.

შეხვედრა ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში წარიმართა. ძლიერი წვიმისა და ჭექა-ქუხილის გამო, წინა მატჩები თითქმის ერთი საათით შეწყდა და შესაბამისად, ჩვენი შეხვედრაც დაგეგმილზე გვიან დაიწყო. წვიმდა უმცროსი ბორჯღალოსნებისა და ფიჯის მატჩის მსვლელობისას, მოედანი ატალახდა და მასზე მოძრაობა ჭირდა. შედეგად, ორივე გუნდის მხრიდან მრავლად იყო შეცდომები, თუმცა გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, ტექნიკამ არ დაგვაღალატა და უმცროსმა ბორჯღალოსნებმა საქართველოს კიდევ ერთი სიხარული აჩუქა.

დებიუტშივე ჩამოვრჩით

მატჩამდე 24 საათით ადრე დაანონსებულ სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილება მოხდა გია ხარაიშვილის ნაცვლად თამაში ზაურ თევდორაშვილმა დაიწყო. აგრესიული დაცვის მიუხედავად, დებიუტში ფიჯელებმა შეძლეს ბურთის დაუფლება და თავდადებული დაცვის მიუხედავად, მე-8 წუთზე ლელოთი დაწინაურდნენ.

ორივე გუნდი ხშირად იყენებდა ფეხით ტაქტიკურ დარტყმებს და მეტოქე გარკვეულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა 15 წუთის შემდეგ ილია მაისურაძის შეგირდებმა შეძლეს ბურთზე კონტროლის დამყარება, მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდნენ და რამდენიმე კარგი შეტევა განახორციელეს: დაახლოებით 50-მეტრიანი შეტევა ლელოდან 10 მეტრში ტექნიკური წუნის გამო ჩაიშალა; 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებულ მოლში ფიჯიმ ორჯერ დაიცვა თავი; თედო აბჟანდაძის ფეხით თამაშის შემდეგ, თემურ ჭიჭინაძემ მეტოქეს საჰაერო ბრძოლა ვერ მოუგო.

24-ე წუთზე საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერთო. ლაშა ლომიძემ ხაზი გაჭრა, რამდენიმე ფაზის შემდეგ მარცხენა ფრთაზე ბექა ყორიაული გაიქცა და ბურთი ალამთან დაამიწა, თუმცა გამეორებაზე გამოჩნდა, რომ სველ მოედანზე ფეხი ვერ შეიმაგრა და გვერდითი ხაზი გადაკვეთა. შესვენების წინ ჯერ ფიჯის ჰქონდა ლელოს გატანის კარგი შესაძლებლობა, თუმცა ბურთი წინ დაუვარდა, მერე იოანე იაშაღაშვილმა შეუტია კარგად და მიზნამდე 2-3 მეტრი რჩებოდა, თუმცა ბურთი აქაც წინ გადავარდა.

გამარჯვება გაწითლებულ დროზე

ბრძოლა მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან გაჩაღდა, 53-ე წუთზე დავჯარიმდით და ფიჯიმ ჯარიმით უპირატესობა გაზარდა – 0:8. მალე კუნძულელები მაღალი ბოჭვის გამო მოედანზე კაცნაკლულები დარჩნენ და ამით უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ისარგებლეს. აბჟანდაძემ გასატანი პოზიციიდან კარში არ დაარტყა, პირველი მოლი ლელოს ხაზთან ჯარიმით ჩაგვიქციეს, მეორე მოლს 5-მეტრიანში 15-ფაზიანი შეტევა მოყვა და იაშაღაშვილმა ლელოთი თამაშში მალევე დაგვაბრუნა, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახვით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.

დასკვნით 20 წუთში ფიჯი თავს კარგად იცავდა და სახიფათო კონტრშეტევებით გვაწუხებდა. 77-ე წუთზე მათ ფეხით მოიგერიეს ბურთი, ის ლაშხმა თავის ნახევარზე, 10-მეტრიან წყვეტილთან დაიჭირა და დაახლოებით 20 მეტრით წინ წაწია. საქართველომ ფაზები აკინძა, იერიშში პრაქტიკულად ყველა მორაგბემ შეიტანა წვლილი, ნიკა ღვალაძემ, იოსებ გუშარაშვილმა, იაშაღაშვილმა და ჭიჭინაძემ რამდენჯერმე გაამწვავეს ეს შეტევა და მნიშვნელოვანი მანძილი მოიგეს, ბოლოს კი, 23-ე ფაზაზე კარკაძემ თავისი სიტყვა თქვა და უმცროსმა ბორჯღალოსნებმა დაძაბულ ბრძოლაში 12:8 იმარჯვა.

მე-9 ადგილისთვის იტალიასთან

ამ მოგებით უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზედიზედ მეხუთე 20-წლამდელთა ჩემპიონატში თამაშის უფლება დაიბევეს, თუმცა წინაა კიდევ ერთი მატჩი მე-9 ადგილისთვის, სადაც ჩვენი მეტოქე იტალიის ნაკრები იქნება.

იტალიელებმა შოტლანდიას თამაშით აჯობეს და ბოლოს ორი ლელო მიიღეს, თუმცა საბოლოოდ 26:19 იმარჯვეს.

მიმდინარე ჩემპიონატში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზედიზედ ორი თამაში მოიგეს – ჯერ შოტლანდიასთან, ახლა ფიჯისთან და თუ 22 ივნისს იტალიის დამარცხებასაც მოახერხებენ, შარშანდელ რეკორდს გაიმეორებენ – ზედიზედ 3 მოგება და მე-9 ადგილი 12-გუნდა ელიტაში.

 

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
9-12 ადგილების ნახევარფინალი
საქართველო – ფიჯი 12:8

ხაზი | ბექები: 15. თემურ ჭიჭინაძე (ჯიქი), 14. ზურა ქავთარაძე (ხარები), 13. დემურ თაფლაძე (ლელო), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ოთარ ლაშხი (ლელო), 10. თედო აბჟანდაძე (აია, კაპ.), 9. მიხეილ ალანია (არმაზი);
შერკინება | ფორვარდები:
1. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 2. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 3. ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი), 4. ლუკა გელაშვილი (არმია), 5. ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი), 6. ბექა ყორიაული (ლელო), 7. კობა კოლოტაური (ლელო), 8. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი).
მარქაფა:
16. ვანო კარკაძე (ორიაკი), 17. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 18. გია ხარაიშვილი (რასინგ 92), 19. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 20. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. გივი ცინცაძე (არმაზი), 25. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი),26. პაატა ბურჭულაძე (ხარები), 27. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 28. ლუკა ჭელიძე (ტულონი).

2 ლელო: იაშაღაშვილი, კარკაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი