ლუკას მოურა: “ყველა ჩემი თანაგუნდელი გმირია”

0
45

ლონდონის “ტოტენჰემმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველად გააღწია, ეს კი “აიაქსის” დრამატულ ბრძოლაში დამარცხებით მოახერხა. გუშინდელი მატჩის გმირმა, ლუკას მოურამ,  ჟურნალისტებთან შეხვედრა შეაფასა.

“ორი ბრწყინვალე გუნდის მონაწილეობით შთამბეჭდავი მატჩი შედგა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის დიდებას სრულად შეეფერებოდა და მას წლების განმავლობაში გაიხსენებენ. უეჭველია, რომ ეს შეხვედრა ჩემს ცხოვრებაში საუკეთესოა, უხვი ემოციებით გაჯერებული. ჩემ თავს გმირად არ ვთვლი, რადგან მგონია, რომ ჩემი ყველა თანაგუნდელი გმირია.
ჩვენ შევძელით და საკუთარ მოედანზე წაგების შემდეგ ფინალში გავედით, თანაც ეს ისეთი შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ გავაკეთეთ, როგორიც “აიაქსია”. ისინი ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობენ და ურთულესია, მათ წინააღმდეგ ამ სტადიონზე ითამაშო. ჩვენ მეომრები ვიყავით და ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ. მიზნის ბოლომდე გვჯეროდა და შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ”, – განაცხადა მოურამ.

ლუკას მოურა მეხუთე ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა, აქამდე იგივე ალესანდრო დელ პიეროს, ივიცა ოლიჩს, რობერტ ლევანდოვსკისა და კრიშტიანუ რონალდუს ჰქონდათ გაკეთებული.

“ასტონ ვილას”, “არსენალის”, “ჩელსის”, “ლიდსის”, “ლივერპულის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ნოტინგემის” შემდეგ “ტოტენჰემი” მერვე ინგლისური კლუბია, რომელიც ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში ითამაშებს.

ეს მხოლოდ მესამე შემთხვევაა, როცა უეფას ტურნირის ფინალში ორივე გუნდი ინგლისურია, 1972 წლის უეფას თასის ფინალში “ტოტენჰემი” “ვულვზს” შეხვდა, 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის სატიტულო მატჩში კი “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” დაუპირისპირდნენ.

“ტოტენჰემი” და “ლივერპული” 1-ელ ივნისს, მადრიდში, “ვანდა მეტროპოლიტანოს” სახელობის სტადიონზე შეხვდებიან.