ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ანდრეს ინიესტა „ვისელ კობეს“ კაპიტნად დანიშნეს. 34 წლის ნახევარმცველი იაპონიაში სათამაშოდ შარშან წავიდა და „ვისელ კობეს“ კაპიტნის სამკლავური გერმანიის ნაკრების ექსფორვარდ ლუკაშ პოდოლსკისგან გადაიბარა.
ინიესტამ აზიაში გადაბარგებამდე მთელი კარიერა „ბარსელონაში“ გაატარა, სადაც 32 ტიტული მოიგო და 2015-2018 წლებში კატალონიელთა კაპიტანიც გახლდათ. მან „ბლაუგრანაში“ ყველა ტურნირზე 674 მატჩი ჩაატარა და 57 გოლის გატანასთან ერთად, 142 საგოლე პასი გააკეთა. ინიესტამ 9-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, 6-ჯერ თასი და 7-ჯერ სუპერთასი. მიმდინარე სეზონში ინიესტამ იაპონიის ჯეი-ლიგაში 7-ჯერ ითამაშა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
