ევროლიგის მეოთხედფინალურ სერიაში თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” მოსკოვში ცსკა დაამარცხა და სერიაში ანგარიშის გათანაბრებასთან ერთად, მოედნის უპირტესობაც მოიპოვა. 16 აპრილს გამართულ პირველ მატჩში არმიელებმა “ბასკონია”არ დაინდეს და 94:68 მოუგეს, ამჯერად კი შენგელიას გუნდმა დიდებულად ითამაშა და რუსული კლუბი საკუთარი ქომაგების თვალწინ – 78:68 დაამარცხა.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 22:37 წუთი გაატარა. თორნიკემ 6-დან 2 ორქულიანი და ერთი სამიანი ჩააგდო, 3 საჯარიმო კი ააცილა. ქართველ ფორვარდს საბოლოოდ 7 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და დაფარება დაუგროვდა. შენგელიამ ბურთი ორჯერ დაკარგა და 3 ჯარიმა მიიღო , მასზე კი მეურვეები ოთხჯერ დაჯარიმდნენ.
ბასკონიელთაგან საუკეთესო შედეგი ვინსენტ პუარემ დააფიქსირა, რომელმაც 14 ქულა, 15 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. 16 ქულა ჰქონდა დარუნ ჰილარდს, ხოლო პატრიციო გარინოს ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა. მოსკოველთაგან 15 ქულით ბომბარდირი გახდა კორი ჰიგინსი, სერხიო როდრიგესმა და უილ კლაიბერნმა 14-14 ქულა მოაგროვეს.
შეგახსენებთ, რომ სერია 3 მოგებამდე გრძელდება, მომდევნო ორი მატჩი კი ვიტორიაში – 24 და 26 აპრილს გაიმართება.