“ლოკომოტივს” ახალი მწვრთნელი ჰყავს

0
33

თბილისის “ლოკომოტივს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. რკინიგზელების ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, გუნდს ლევან კორღალიძე უთავკაცებს.

თბილისური გუნდის ხელმძღვანელობამ ეროვნულ ლიგაში არასახარბიელო დასაწყისის გამო, დაკავებული თანამდებობიდან ლაშა ჭაღიაშვილი გაათავისუფლა. 39 წლის კორღალიძე ჭაღიაშვილის ასისტენტად და პარალელურად ლოკომოტივის 15 წლამდე გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

ლევან კორღალიძე საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, საქართველოში ქუთაისის “ტორპედოს”, გორის “დილას”, “ზესფატონის” და რუსთავის “მეტალურგის”, ხოლო უცხოეთში მოლდოვას “ზიმბრუს”და “დაჩიას”, აგრეთვე რიგის “სკონტოს” რიგებში ირიცხებოდა.

საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებული 7 ტურის შემდეგ, “ლოკომოტივს” მხოლოდ 6 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში – მერვე ადგილზეა. შემდეგ ტურში თბილისელები ბოლნისის “სიონს” უმასპინძლებენ.