ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში, “კერამიკაზე” ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა. “ვილიარეალმა” მოქმედი ჩემპიონი “ბარსელონა” მიიღო და უხვგოლიანი ფრე – 4:4 ეთამაშა.
კატალონელებმა, რომლებმაც თამაში კაპიტნის – ლეო მესის გარეშე დაიწყეს, პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს. მეორე ნახევარში, ყვითელმა “წყალქვეშა ნავმა” მეტოქის დაცვაში არსებული არაერთი შეცდომით ისარგებლა და “ბლაუგრანას” კარი ოთხჯერ აიღო. ძირითადი დროის ბოლო წუთამდე მასპინძლები – 4:2 იგებდნენ და კატალონელების მიერ მატჩის გადარჩენა რთული წარმოსადგენი იყო. თუმცა შეცვლაზე შემოსულ არგენტინელ ვარსკვლავს სხვა გეგმები ჰქონდა… ლეომ ზედიზედ მეორე შეხვედრაში, კარიერაში კი 47-ე საჯარიმო დარტყმა გაიტანა, რამდენიმე წამში კი მის მერ მოწოდებულ კუთხურს ლუის სუარესის ზუსტი დარტყმა და გოლი მოჰყვა. საბოლოოდ, 4:4 – “ბარსელონამ” ქულა გადაარჩინა.
აღსანიშნვია, რომ ამ მატჩის შემდეგ, მესიმ პრინციპულ მეტოქე კრიშტიანუ რონალდუს გადაასწრო და ევროპის ტოპხუთი ჩემპიონატის ისტორიაში გატანილი 415 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
გარდა ამისა, მესი ევროპულ საფეხბურთო ელიტაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც ზედიზედ ორ სეზონში საჯარიმო დარტყმით მინიმუმ 6 გოლი გაიტანა.
მესის ანგარიშზე ლა ლიგის ამ სეზონში გატანილი 32 გოლი და 12 საგოლე პასია. ამ შედეგით, არგენტინელი ევროპის “ოქროს ბუცის” დავაში ერთპიროვნულად ლიდერობს. ლეოს გამოსვლა გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ ის ნაბიჯ-ნაბიჯ მეექვსე “ოქროს ბურთსაც” უახლოვდება.