ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში “იუვენტუსმა” 3:0 დაამარცხა “ატლეტიკო” და მეოთხედფინალში გავიდა.
მადრიდში 0:2 დამარცხების შემდეგ “იუვე” ლამის გამოუვალ სიტუაციაში იმყოფებოდა, რადგან “როხიბლანკო” ასეთ უპირატესობას იშვიათად ანიავებს, თუმცა ტურინული გუნდის ფეხბურთელები მაინც ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებდნენ.
“ბიანკონერის” მწვრთნელმა ალეგრიმ დისკვალიფიცირებული ალეკს სანდროს ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში სპინაცოლა დააყენა, რომელსაც ამ ტურნირზე აქამდე არ უთამაშია.
მასპინძლები პირველ ტაიმში ბევრს უტევდნენ, სტუმრები თავს ჩვეულად, უნარიანად იცავდნენ, მომენტები ბევრი არ იქმნებოდა და მაინც გახსნა რონალდომ ანგარიში. მან ბერნარდესკის აწეულ ბურთზე ხუანფრანი დაჯაბნა და ობლაკის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.
შესვენების შემდეგ რონალდომ ისე გაიტანა გოლი, ისევ თავურით და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. 86-ე წუთზე კი მან ბერნარდესკის მონადირებული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და თავისი გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა.
პირველი შეხვედრის ორბურთიანი სხვაობით წაგების შემდეგ “ბებერი ქალბატონი” ამ ტურნირზე პირველად გავიდა შემდეგ ეტაპზე.
კრიშტიანუმ კარიერაში “ატლეტიკოს” 25 გოლი გაუტანა. ყველაზე მეტი გოლი მას “სევილიას” კარში აქვს გატანილი – 27. მან ჩემპიონთა ლიგაზე მერვე ჰეთ თრიკი შეასრულა და “ბარსელონას” თავდამსხმელ ლეო მესის დაეწია. რონალდუ ამ შეხვედრის წინ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს 3 გოლის გატანას დაჰპირდა.
ჯორჯო კიელინიმ “იუვენტუსში” მე-500 მატჩი ჩაატარა.
“იუვემ” ამ შეხვედრაზე კლუბისთვის სარეკორდო 5.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
ტურინი. “ალიანც სტადიუმი”. 40 488 მაყურებელი
იუვენტუსი – ატლეტიკო 3:0
გოლები: 1:0 რონალდო (27), 2:0 რონალდო (49), 3:0 რონალდო (86, პენ).
იუვენტუსი: შესნი, კიელინი, ბონუჩი, კანსელუ, ჩანი, სპინაცოლა (დიბალა 67), მატუიდი, პიანიჩი, ბარნერდესკი, მანჯუკიჩი (კინი 80), რონალდუ.
ატლეტიკო: ობლაკი, ხიმენესი, ხუანფრანი, არიასი (ვიტოლო 77), გოდინი, კოკე, ერნანდესი, საული, ლემარი (კორეა 57), მორატა, გრიზმანი.
