გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის MVP გახდა. ჩერნოგორიული “ბუდუჩნოსტის” 19 წლის ქართველმა ცენტრმა თავის ყოფილ კლუბ “მეგა ბიმაქსს” გუშინ 22 ქულა ჩაუგდო, სარგებლიანობის კოეფიციენტით 31-ს უწია და ამით ადრიატიკის ლიგის 21-ე ტურში საუკეთესო გახლდათ.
ლიგის მესვეურთა რეაქციამაც არ დააყოვნა: ბითაძე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, რაც ახალგაზრდა ქართველისთვის სოლიდური მიღწევაა. შეგახსენებთ, რომ ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 27:10 წუთში 22 ქულა, 8 მოხსნა (5 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. ჩვენებურმა 12-დან 8 ორქულიანი, სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
საინტერესოა, რომ “მეგა ბემაქსისა” და “ბუდუჩნოსტის” მატჩს ბითაძეზე დასაკვირვებლად ნბა-ს ერთბაშად 19 სკაუტი დაესწრო. ამიტომაც იყო, ქართველი ტალანტი განსაკუთრებით მოტივირებული რომ იყო და თავისი შესაძლებლობები თითქმის სრულად წარმოაჩინა.