ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში “მანჩესტერმა” პსჟ-ს 3:1 მოუგო და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
სახლში 0:2-ის წაგების შემდეგ, “მანიუ” უმძიმეს ვითარებაში იყო, მაგრამ ხომ მოახერხა “აიაქსმა” სასწაულის მოხდენა და მანკუნიანელთა ფანებიც ამის იმედად იყვნენ. იყვნენ და ეს იმედი დებიუტში ლუკაკუს მიერ გატანილმა გოლმა უფრო გაუძლიერა, მაგრამ ბერნატმა მალევე აღადგინა წონასწორობა.
თუმცა, ლუკაკუ, რომელსაც მხოლოდ ნაახალწლევს მიეცა თავის გამოჩენის შანსი, დანებებას არ აპირებდა და შესვენებემდე ისევ დაამწუხრა ბუფონი. ცნობისათვის, ლუკაკუმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, თუ არ მათამაშებენ, “იუვენტუსში” გადავალო, მას შემდეგ სულ ძირითადში აყენებენ და უკანასკნელ 3 შეხვედრაში 6-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
შესვენების შემდეგ ინიციატივას მასპინძლები დაეუფლნენ, უფრო ხშირად უტევდნენ, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს, ბოლოსკენ სტუმრებმა იერიშების მიტანა დაიწყეს, ბურთი დალოტის დარტმის შემდეგ ხელზე კიმპემბეს მოხვდა, ვიდეოგამეორების შემდეგ მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც რეშფორდმა გამოიყენა და “მანჩესტერი” მეოთხედფინალშია.
“იუნაიტედმა” ზედიზედ 21-ე გასვლით მატჩში გაიტანა გოლი და 1957 წელს დამყარებული თავისი საკლუბო რეკორდი გაიმეორა, ამას გარდა კი პირველი გუნდია, რომელმაც პლეი ოფში პირველი თამაშის 0:2-ზე წაგების მერე შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხა.
გრინვუდი “მანჩესტერის” ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ამ ტურნირზე ითამაშა – 17 წლის, 5 თვის და 5 დღის.
პარიზი. “პარკ დე პრენსი”. 47 441 მაყურებელი
პსჟ – მანჩესტერი 1:3
გოლები: 0:1 ლუკაკუ (2), 1:1 ბერნატი (12), 2:1 ლუკაკუ 30), 3:1 რეშფორდი (90+4, პენ).
პსჟ: ბუფონი, კიმპემბე, სილვა, მარკინიოსი, ალვესი (კავანი 90+5), დი მარია, ვერატი, კერერი (პარედესი 70), დრაკსლერი (მუნიე 70), ბერნატი, მბაპე.
მანჩესტერი: დე ხეა, ბაიი (დალოტი 35), ლინდელეფი, შოუ, სმოლინგი, მაკტომინი, ფრედი, პერეირა (ჩონგი 80), იანგი (გრინვუდი 87), ლუკაკუ, რეშფორდი.