გიორგი შერმადინი… 77 წუთში არცერთი ჯარიმა, ეს ხომ რეკორდია!

0
61

საქართველოს ნაკრებმა თებერვლის ბოლოს საბერძნეთსა და ესტონეთთან ითამაშა. ამ შეხვედრებში 77 წუთი ითამაშა ქართველთა კაპიტანმა გიორგი შერმადინმა, რომელმაც ჯამში 48 ქულა, 30 მოხსნა და 3 დაფარება გაიფორმა. ამის ფონზე ფოლების გრაფაში დაფიქსირებული 0 მეტად საინტერესოდ მოჩანს.
გიორგი შერმადინის მწვრთნელმა ჯამლეტ ხუხაშვილმა გვთხოვა, მოგვეძიებინა ინფორმაცია ფოლების ესოდენ მცირე რაოდენობაზე, მეტად დიდ დროში. დღეს ინტერნეტი საშუალებას გვაძლევს მსგავსი ნიუანსები კარგად დავაზუსტოთ და გავარკვიოთ, გვაქვს თუ არა საქმე რეკორდთან.
ეს სულაც არ აღმოჩნდა ნიუანსი – NBA-ის ისტორიაში დაფიქსირდა ასეთი შემთხვევა: 1999 წელს „დალასისა“ და „სან ანტონიოს“ შეხვედრაში დალასელებმა მხოლოდ ხუთი ფოლი მიიღეს. ეს იყო ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეკორდი ფოლების სიმცირის მიხედვით.
მეტსაც გეტყვით, ამ მატჩს თუ წინა დღისით „საკრამენტოსთან“ დაპირისპირებას მივათვლით, დალასელ შონ ბრედლის 67 წუთში მხოლოდ 3 ფოლი აქვს მიღებული. ესეც რეკორდიაო, წერენ ამერიკელები.
ამის ფონზე კიდევ უფრო შთამბეჭდავად ჩანს გიორგი შერმადინის რეკორდი – 77 წუთში 0 ფოლი. მით უმეტეს, რომ იგი არა რიგით, არამედ სანაკრები, სერიოზულ დაპირისპირებებშია მიღწეული. გიორგის შეტევაში 8 მოხსნა ჰქონდა, რაც თავისთავად მიგვანიშნებს, რომ იგი მოხსნებისთვის აქტიურად იბრძოდა. ასეთ დროს კი ფოლის მიღების ალბათობა დიდია, ისევე როგორც დაფარებებისას.
შემთხვევითია ასეთი მაჩვენებელი? – გაგიჩნდებათ შეკითხვა. ცხადია, გამართლებაცაა, რადგან არავინ იცის, რა მომენტში რომელ მსაჯს რა მოუვლის თავში. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ შერმადინი ევროპაში მეტად გამოცდილი კალათბურთელია და ძლიერ მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაც (ამ შემთხვევაში ბურუსისთან) იცის და ისიც კარგად მოეხსენება, რა შემთხვევაში აძლევენ მსაჯები ფოლებს…

ვაჟა სიმონიშვილი

lelo.ge