უკანასკნელი “ელ კლასიკოსგან” ფეხბურთის ჭეშმარიტმა გულშემატკივრებმა დიდი სიამოვნება მიიღეს და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისი ქომაგია, რამეთუ ეს დიდი ფეხბურთი იყო, ძალიან დიდი.
ვინმეს შეიძლება პარადოქსად მოეჩვენოს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი ნაკლებად სანახაობრივი გახლდათ, პირადად მე უფრო მომეწონა. ორი სუპერგუნდი სტრატეგიასა და ტაქტიკაში ეჭიდებოდა ერთმანეთს და “რეალის” მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ აბსოლუტურად სწორი გეგმა დაუსახა თავის გუნდს. ამდენად, არ მიმაჩნია სწორად მოსაზრება, თითქოს მან თავის ვიზავისთან, ერნესტო ვალვერდესთან დუელი წააგო. მან ბასკ სპეციალისტს ღია ფეხბურთი არ შესთავაზა, ვინაიდან ეს დამღუპველი იქნებოდა და პირველი 45 წუთი პოზიციურ ბრძოლაში წარიმართა.
სეზონის დაწყების წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ “კასტილიას” მწვრთნელი სოლარი პირველ გუნდს ჩაუდგებოდა სათავეში და წარმატებითაც გაუძღვებოდა. ნუ განვსჯით მას მკაცრად, “ბარსელონასთან” წაგება ტრაგედია არაა და მასთან “სამეფო გუნდი” მაშინაც ხშირად დამარცხებულა, როდესაც მის ღირსებას რონალდო იცავდა. სოლარი ამ შემადგენლობით მაქსიმუმს აღწევს და მეტი ნამდვილად არ შეუძლია. მართალი გითხრათ, არ მეგონა, თუ “რეალს” ასე კარგად აათამაშებდა, მით უმეტეს, გუნდი სეზონის მიმდინარეობისას ჩაიბარა.
ეს შეხვედრა კი ორად გაიყო – პირველ გოლამდე და პირველი გოლის შემდეგ. შესვენებამდე მასპინძლებმა სამი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს და ვინ იცის, რა მოხდებოდა, ერთი გოლი რომ გაეტანათ. უბრალოდ, აღარ წავიდოდნენ შეტევაში და ზონები არ გაეხსნებოდათ. სივრცეების გახსნით კი უმალ ისარგებლა “ბარსამ”. გახსნილ ფეხბურთში კატალონიელებს ბადალი არა ჰყავთ და მასთან ყველა განწირულია.
აკი უთხრა მესამე გაშვებული გოლის შემდეგ სერხიო რამოსმა პარტნიორებს, ფრთხილად, მთლად 0:6 არ წავაგოთო. ობიექტურად ამის საშიშროება არსებობდა, თუმცა შეიძლებოდა მატჩი სულ სხვა სცენარითაც განვითარებულიყო, მაგრამ 18 წლის ვინისიუსის მიერ დარტყმული 6 ბურთიდან არც ერთმა არ უწია მიზანს, “ბარსელონამ” კი კარში სულ 4-ჯერ დაარტყა და 3 გოლი გაიტანა.
“რეალს” შეტევის განვითარების ოდენ ერთადერთი საშუალება ჰქონდა – ვინისიუსის ფლანგური გარღვევები და რეგილიონის აქტიურობა. “ბარსელონაც” თითქოს მასსავით ერთფეროვნად უტევდა, უსმან დემბელეს ფრთიდან და პირველივე მომენტი გოლად აქცია. ეს იმ 32 წლის ლუის სუარესმა გააკეთა, რომელსაც მუხლის ტრავმა აქვს და რომლის თამაში საეჭვო იყო.
მაინც რითი აჯობა “ბლაუგრანამ” მეტოქეს? უპირველეს ყოვლისა, საერთო კლასით. ეს კლასი უკანასკნელი სეზონების განმავლობაში “რეალზე” უკეთესი აქვს, რომელიც ლა ლიგას გრძელ სეზონში ვერ უმკლავდება და აბსოლუტურად სწორ არჩევანს ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე აკეთებს. წარმოუდგენლად ძნელია, კატალონიურ გუნდს გრძელ დისტანციაზე სდიო. ეს შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაში მის ყველა მოთამაშეს არ გაუბრწყინია, ჟერარდ პიკემ ტრადიციულად დაუშვა შეცდომები, ჟორდი ალბა ჩვეულად ვერ უტევდა, სერხიო ბუსკეტსმაც რამდენიმე არაზუსტი გადაცემა გააკეთა, რაც მისგან გასაკვირია, ლეო მესიც კი ჩრდილში მოექცა. თუმცა, მან თავისი საქმე მაინც გააკეთა. 2-3 მოწინააღმდეგე მუდამ იძულებული იყო, მისი განეიტრალებით დაკავებულიყო, რაც საპირისპირო ფლანგზე დემბელეს მოქმედებას უიოლებდა. სხვათა შორის, უკანასკნელ ორ “კლასიკოში” არგენტინელს კარში ბურთი არ დაურტყამს…
ცხადია, “რეალს” ზაფხულში შემადგენლობის გადახალისება მოუწევს და თუ ჩემპიონთა ლიგაზეც ფიასკო განიცადა, სოლარის უეჭველი დაითხოვენ სამუშაოდან. თუ ესპანურ საინფორმაციო საშუალებებს დავუჯერებთ, კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მწვრთნელად ისევ ჟოზე მოურინიოს დანიშნავს და ვინ იცის, რა სახეს მიიღებს გუნდი.
გასული მატჩის დასასრულს კი, კატალონიელი ფანები ირონიულად სკანდირებდნენ რონალდოს სახელს. სათადარიგოთა შორის მყოფ “რეალის” მცველ მარსელოს პირზე “ბენდენა” ჰქონდა აფარებული და უკმაყოფილებას არ მალავდა, ხოლო ნახევარმცველი ისკო საერთოდ არ იყო განაცხადში…
2 მარტს “სანტიაგო ბერნაბეუზე” კვლავ “ბარსელონა” და “რეალი” შეხვდებიან ერთმანეთს…