ილიას ზუროსი: “საბერძნეთში ბოლომდე ვიბრძოლებთ”

0
43

საბერძნეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი შესარჩევი მატჩის წინ ჟურნალისტებს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ელადელი მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი გაესაუბრა: ” სიტუაცია არ არის ისეთი, როგორსაც ვისურვებდით. გვაკლია რამდენიმე კალათბურთელი, ხოლო ერთი – მაკფადენი საბერძნეთში შემოგვიერთდება. გუნდმა ის თამაში რომ ითამაშოს, რასაც მისგან მწვრთნელი ელის, აუცილებელია, ერთად ვარჯიში და შეთამაშება. საამისოდ კი დრო არ გვაქვს. ამის მიუხედავად, დანებებას არ ვაპირებთ. გვაქვს ჩვენი მიზნები და ვეცდებით მათ მიღწევას”.

– საბერძნეთან მატჩში წარმატების რა შანსი გვაქვს?
– ვერაფერს ვიტყვი. მეტოქეს კარგი გუნდი ჰყავს, დიდი გამოცდილება აქვს. მხოლოდ ბურუსისს არ ვგულისხმობ, რომელიც “რეალში” თამაშობდა, სხვა ბევრი კარგი კალათბურთელი ჰყავთ. მართალია, ისინი ამჟამად ევროლიგის კლუბებს არ წარმოადგენენ, მაგრამ საბერძნეთში მაღალი დონის კონკურენტუნარიანი ჩემპიონატია. ავიღოთ კალათბურთელები აეკ-დან – ჩემპიონთა ლიგა აქვთ მოგებული, გუშინ კი საკონტინენტთაშორისო თასზე იმარჯვა. საბერძნეთში არიან პაოკ-ის მოთამაშეები, რომლებიც წლეულს ევროთასებზე მშვენივრად გამოდიან. “არისში” თამაშობს ნაკრების წევრი ბოხორიდისი, რომელსაც “პანათინაიკოსში” თამაშის გამოცდილება აქვს… ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით, მაგრამ, როგორც დაგპირდით, ბოლომდე ვიბრძოლებთ.

– მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის მიზერული შანსიც გვაქვს…
– რეალისტები უნდა ვიყოთ. ძალა არ დავიშურეთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვხვედრილიყავით, მაგრამ იმ გუნდთან, ვის მაგივრადაც უნდა გვეთამაშა მოფლიოზე, ვერაფერი გავაწყვეთ, სერბეთს ვერ გავასწარით. თუმცა ძალიან ვამაყობ ჩემი კალათბურთელებით, რადგან ყოველ მატჩში ბოლომდე იხარჯებოდნენ. საქართველოს ნაკრებმა აჩვენა, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. იყო დასანანი მარცხებიც. მაგალითად, საბერძნეთთან, თბილისში, ბოლო წამზე დავთმეთ თითქმის მოგებული შეხვედრა. ლაპარაკია ძალიან ძლიერ საბერძნეთზე…

– მთავარია, მომდევნო წელს კარგად მომზადებულები და ორგანიზებულები შევხვდეთ. მომავალ ზაფხულს უნდა მოვაწყოთ ერთგვარი კემპი ახალგაზრდებზე დასაკვირვებლად და მათ გასავითარებლად. თუმცა არის ხელისშემშლელი ფაქტორებიც. მაგალითად, მამუკელაშვილი, რომლისთვისაც ეს მომენტი მშვენიერი იქნებოდა საქართველოს ნაკრებთან მოსამზადებლად. მაგრამ ამერიკის კოლეჯების ლიგაში თამაშობს და სასწავლებელი უფლებას არ აძლევს შუა სეზონში დატოვოს გუნდი. ეს ნორმალურია. უბრალოდ სისტემის შეცდომაა. ახალი გუნდის მშენებლობა დაწყებული გვაქვს, მაგრამ საჭიროა კალათბურთელების მეტად ერთად ყოფნა. გვჭირდება დრო და მოთმინება. მოთმინება სჭირდება ყველას ჩვენ, გულშემატკივარს… რადგან კარგად მოგეხსენებათ, ერთ დღეში არაფერი შენდება.

– საბერძნეთის შემდეგ ესტონეთია, 24 თებერვალს თბილისში. – ეს იქნება მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო საკვალიფიკაციო მატჩი. ვფიქრობ, შეგვწევს ძალა, რომ ყველაფერი დადებითად დავასრულოთ. რაშიც დარწმუნებული ვარ, ის არის, რომ კალათბურთელები შესაძლებლობების 100 პროცენტს გაიღებენ.