მილტონ ჰეიგი: „დებიუტანტებით ძალიან კმაყოფილი ვარ”

0
69

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო

 

ბორჯღალოსნებმა 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩიც მოიგეს და ერთდღიანი შესვენების შემდეგ, სატურნირო ცხრილში კუთვნილი ადგილი დაიბრუნეს.

მეორე ტურის ორი შეხვედრა შაბათს გაიმართა და რუსეთმა (ბელგიასთან 64:7) და რუმინეთმა (გერმანიასთან 38:10) ბონუსებით მოიგეს, რითაც დროებით პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.

წლის პირველ საშინაო შეხვედრაში ჩვენი გუნდი ესპანეთს „ავჭალაზე“ დაუხვდა. ძლიერმა ქარმა, რომელიც მატჩის მსვლელობისას თანდათან უფრო ძლიერდებოდა, თამაშის მსვლელობას ძლიერი კვალი დაატყო და ლამაზი სანახაობა არ შედგა. დარში ამის დიდი პერსპექტივა რომ გვქონდა მეორე ტაიმში, რამდენიმე ეპიზოდით გამოჩნდა. ასე კი, ქომაგმა დიდი ბრძოლა იხილა, რომელშიც ბორჯღალოსნებმა „ლომებს“ დამსახურებულად აჯობეს და ეს ნამატჩევს ესპანელთა თავკაცმაც აღიარა.ამ შეხვედრაში ორი დებიუტი შედგა – გრიგორ ქერდიყოშვილმა და გიორგი ჯავახიამ ნაკრების კვართი პირველად მოირგეს და პირველმა ეს მოვლენა ლელოთი აღნიშნა. ლელო გაიტანა კიდევ ერთმა მეორეხაზელმა დავით გიგაურმა, რომელსაც დებიუტი ერთი კვირის წინ კლუჟში, რუმინეთთან ჰქონდა. თითო ლელო გამოცდილი ბორჯღალოსნების – ლევან ჩილაჩავასა და ვასილ ლობჟანიძის ანგარიშზეა.

პირველი ტაიმი ზურგქარში
პირველ ტაიმში საქართველოსთვის ზურგქარი უბერავდა, რითაც ბორჯღალოსნებმა ისარგებლეს. მეტოქე ფეხით თამაშს ვერ ახერხებდა, მასპინძლებმა ისინი საკუთარ 22-ში გამოკეტეს და წნეხის ქვეშ მოაქციეს. ამ ყველაფერმა შედეგი მე-14 წუთზე გამოიღო. 5-მეტრიანი შერკინების შემდეგ, მორკინალებმა რამდენიმე დარტყმა განახორციელეს, ესპანელების დაცვა მოარღვიეს და დავით გიგაური მცველებმა ვეღარ შეაჩერეს. მიუხედავად ქარისა, თედო აბჟანდაძემ, რომელსაც მანამდე ჯარიმა გაუცუდდა, გარდასახვა გაიტანა.

ამის შემდეგ ესპანეთმა ჩვენს ნახევარზე გადმოსვლა მოახერხა, შერკინებაში ჯარიმა მოიპოვა, დერეფნიდან ორჯერ მოლი დააყენა და მეორე ჯერზე სთივ ბარნსმა ლელოს გატანაც მოახერხა. საქართველო სწრაფად დაბრუნდა მეტოქის ნახევარზე და ლაშა ხმალაძემ ხაზი რომ გაჭრა ლელოც გარდაუვალი ჩანდა, თუმცა დამიწებამდე მას ბურთი გაუვარდა. სამაგიეროდ 27-ე წუთზე უკვე ქართული მოლი დადგა, მან ღერძი იცვალა და ლევან ჩილაჩავამ ლელოთი 7-ქულიანი უპირატესობა დაგვიბრუნა.

ტაიმის დარჩენილი დროც მეტოქის ნახევარზე მიილია, თუმცა ესპანეთმა თავის დაცვა მოახერხა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ – 12:5.

პირქარში უკეთ ვიბურთავეთ
მეორე ტაიმში საქართველოს პირქარში უწევდა თამაში და უკვე მან დაკარგა ფეხით თამაშის შესაძლებლობა, თუმცა ხელდახელ ბურთაობით მეტოქეს უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა. “ლომები“ მჭიდრო დაცვას თამაშობდნენ, რის გამოც ფრთებზე სივრცეები რჩებოდათ და ბორჯღალოსნები მისი გამოყენებით მანძილის მოგებას ახერხებდნენ.

ამავდროულად, სტუმრები ფეხით თამაშისას სცოდავდნენ, ქარის ძალას სათანადოდ ვერ თვლიდნენ და მათი დარტყმული ბურთები გათვლილზე ბევრად შორს, მოედანს მიღმა მიფრინავდა. პირველ ხაზში ბექა გიგაშვილის გამოსვლის შემდეგ, სტატიკაშიც ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და ქართულმა შერკინებამ ტრადიციული უპირატესობა მოიპოვა.

დებიუტში ესპანეთმა კიდევ ერთხელ სცადა მოლით მიზნის მიღწევა და 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ მასში თითქმის მთელი გუნდი ჩაება, მაგრამ ქართველებმა უკან არ დაიხიეს. მერე სტუმართა კვაჭი სთივ ბარნსი ვასილ ლობჟანიძეზე მაღალი ბოჭვისთვის სინბინით დაისაჯა. 57-ე წუთზე ფრთაზე სივრცით სანდრო თოდუამ ისარგებლა და ლელოც აუცილებლად გავიდოდა, მაგრამ იულენ გოიამ ბურთს ხელი განზრახ ჩაარტყა და სტუმრები 4 წუთით 13 კაცის ამარა დარჩნენ.

მეორე ტაიმის შუაში ესპანელის მიერ თავისი ლელოდან მოგერიებულმა ბურთმა 100 მეტრი იფრინა, კიდით ხაზს გასცდა და საქართველომ მეტოქის ლელოდან 5-მეტრში შერკინება მიიღო, ამ მანძილის მიწოლით მოგების შემდეგ კი, ლობჟანიძემ ბურთი დაამიწა. აბჟანდაძის გარდასახვა კარიდან ქარმა გამოიტანა.

65-ე წუთზე ბორჯღალოსნებმა მარჯვენა ფრთაზე კიდევ ერთხელ გაშალეს ბურთი, იქ გიორგი ცუცქირიძე გაიქცა და ლელომდეც აღარაფერი რჩებოდა, როდესაც ბოლო მცველმა მას წონასწორობა დააკარგვინა და წაქცევისას შემტევს ბურთი წინ გადაუვარდა. რეფერიმ თავიდან ლელო დააფიქსირა, თუმცა მერე ეპოზიდი გადაამოწმა და ის სამართლიანად გააუქმა.

სამაგიეროდ მეტოქე თავის 5-მეტრიან შერკინებაში დავაჯარიმეთ, მერე ჩვენი შერკინებიდან შევუტიეთ და ბურთი გავშალეთ, ბექა გორგაძემ ბურთი გრიგორ ქერდიყოშვილს აუგდო და მანაც ლელო ძელებსშუა გაიტანა. დებიუტანტი მეორეხაზელი შეცვლაზე რამდენიმე წუთის შესული იყო და პირველი სანაკრებო ლელო მიითვალა, ხოლო აბჟანდაძემ კარის წინიდან გარდასახა.

ბოლო წუთზე ესპანეთმა 5-მეტრიანი შერკინების შემდეგ დაუცველ მოკლე ფრთაზე შეუტია და ოიერ გოიამ ლელო გაიტანა, რითაც საბოლოო შედეგი დააფიქსირა და ბორჯღალოსნებს ბონუსი დააკარგვინა – 24:10.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ლევან ჩილაჩავა დასახელდა, რომელიც დაცვასა თუ შეტევაში, სტატიკასა და ღია თამაშში მართლაც გამორჩეული იყო.

პრესკონფერენცია
ესპანელი „ლომების“ თავკაცმა სანტიაგო სანტოსმა აღიარა, რომ საქართველოს ნაკრები მათზე ძლიერია და გამარჯვებას ნებისმიერ შემთხვევაში მოიპოვებდა:
„ქარმა თამაშის მსვლელობაზე გავლენა იქონია, თუმცა ვფიქრობ, საქართველო გამარჯვებას ნებისმიერ შემთხვევაში მოიპოვებდა, რადგან ის ჩვენზე უფრო ძლიერი გუნდია. პირველ ტაიმში ქარის საწინააღმდეგოდ ვითამაშეთ და ამით საქართველომ ისარგებლა, შესვენების შემდეგ კი, ქარის ფაქტორით ჩვენ ვერ ვისარგებლეთ.

ქარის გავლენაზე ისაუბრა სტუმართა კაპიტანმა ფერნანდო ლოპესმა:
„პირველ ტაიმში თავის დაცვა გვიწევდა და თავს მეტად კომფორტულად ვგრძნობდით, ვიდრე მეორეში, როდესაც ქარის მიმართულებით ვთამაშობდით და შეტევაზე ვფიქრობდით. პირველ ტაიმში ჩვენმა შერკინებამ მეტოქეს რაღაც დონეზე გაუძლო, თუმცა მეორე ტაიმში იგივე ვერ მოვახერხეთ“.

პირველ ტაიმში შერკინებაში არსებულ სირთულეებზე, დებიუტანტებზე და მატჩის მსვლელობაზე ისაუბრა მილტონ ჰეიგმა: „მიუხედავად ყველაფრისა, გოგიჩაშვილი ახალგაზრდა მორაგბეა, რომელსაც გამოცდილი მოწინააღმდეგის წინაშე უწევდა თამაში. ნებისმიერ მორაგბეს შეიძლება რაღაც თამაში ისე არ წაუვიდეს, როგორც თავად სურს. მოდით ასე ვთქვათ, გოგიჩაშვილს მძიმე თამაში ჰქონდა. ეს შევამჩნიეთ და მეორე ტაიმში შევცვალეთ, თუმცა ცვლილება მის უნარებს არანაირად არ აკნინებს“.
„ქარის მიმართულებით თამაშისას ძალიან რთულია ბურთი განივად ჩაათამაშო და ფრთებამდე ჩაიტანა, რადგან ის ქარს წინ მიაქვს. მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა, ქარს ბურთი უკვე უკან, ჩვენს მხარეს მოჰქონდა, სწორედ ეს მესიჯი მივაწოდეთ ბიჭებს შესვენებისას“.
„გამომდინარე ამინდიდან, პატარა ტექნიკური წუნიც კი იზრდება და ამის გამო გადავწყვიტეთ ახლო-ახლო, ბრტყლად გვეთამაშა. როდესაც ვნახეთ რისი შეცვლა შეიძლებოდა, ეს ცვლილებები მოვახდინეთ“.
„ძალიან კმაყოფილი ვარ დებიუტანტებით. განსაკუთრებით მინდა ქერდიყოშვილი გამოვყო, რომელიც ნოემბრის ტესტებზეც ჩვენთან იყო და მაშინ სათამაშო დრო არ მისცემია. თუმცა ერთიც არ დაუწუწუნია და დღეს მან თავისი თამაში აჩვენა“.

დებიუტანტებისა და თამაშის დეტალების გარდა, რუსეთის რაგბის კავშირის წარმომადგენლის განცხადებაზე მოუწია პასუხის გაცემა გიორგი ნემსაძეს:
„მეტოქის შეუფასებლობა არ ყოფილა. შერკინება სპორტია სპორტში, ძალიან ბევრი ნიუანსი აქვს, ტექნიკური დეტალები აქვთ პირველ და მესამე ნომრებს. ეს დეტალები ზოგჯერ ერგება მოწინააღმდეგეს, ზოგჯერ არა. ზუსტად ეს დაინახეს მწვრთნელებმა, დროული ცვლილება გააკეთეს და ესპანეთს ძლიერი შერკინება რომ არ ყავდა ეგრევე გამოჩნდა. მეტოქისგან მოლში ძლიერ თამაშს ველოდით. ლელოს გაშვების მომენტში იყო პატარა ტექნიკური წუნი, რომელიც არ უნდა დაგვეშვა“.
„ვემზადებით ბელგიასთან სათამაშოდ. რუსეთის რაგბის კავშირის თუ ნაკრების წარმომადგენლებისგან ხმამაღალი განცხადებები ადრეც გვსმენია და მას დიდად ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენ მოედანზე ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და ყველაფერი იქ გამოჩნდება“.
„დათოს მეორე თამაში ჰქონდა, ხოლო გრიგორს პირველი და ორივემ ლელო გაიტანა, რაც დიდი წარმატებაა. ასეთი წნეხის დროს ეს ადვილი არაა. როგორც ჩანს, სამწვრთნელო შტაბმა და ჩვენ ამ ბიჭებს ისეთი პირობები შევუქმენით, რომ წნეხი შევუმსუბუქეთ. ახალი მოთამაშეების გუნდში ინტეგრაცია ძალიან კარგად ხდება. ისინი თავიდან ვარჯიშებზე მოდიან და გვეხმარებიან, მერე ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ, კომბინაციებს სწავლობენ და როდესაც მოედანზე გადიან, ის მაყურებლისთვისაა ახალი მოთამაშე, თორემ ჩვენთვის კარგად ნაცნობები არიან. ფაქტია ამას შედეგი მოაქვს და ასეთ პოლიტიკას ვემხრობი“.