ვიტო კოლელიშვილი: “ეს შემადგენლობა იტალიას მოუგებდა”

0
38

ბორჯღალოსან ვიტო კლელიშვილისთვის გასული წელი უიღბლო აღმოჩნდა – ტვინის შერყევების სიმრავლის გამო, მას ექვსი თვით თამაში აეკრძალა და კლუბთან ერთად ნაკრებსაც დააკლდა.

29 წლის მორაგბემ ბოლო ტვინის შერყევა 2018 წლის 6 ოქტომბერს, “ლა როშელთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში მიიღო და მე-7 წუთზე შეცვალეს. ამჟამად ის თავს უკეთ გრძნობს, სიმპტომებმა გაიარა, ნელ-ნელა ვარჯიშს იწყებს და მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში მოედანზე დაბრუნებას ვარაუდობს.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან “კლერმონის” მესამეხაზელი ჩვენი ნაკრებისთვის დიდი ძალაა, 2019 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე კი თვეებიღა რჩება. კოლელიშვილი ცოტა ხნის წინ თბილისში იყო ჩამოსული, მასთან საუბარი ტრავმის რეაბილიტაციის, “კლერმონისა” და ნაკრების შესახებ შედგა.

– ვიტო, 6 ოქტომბრის შემდეგ მოედანზე აღარ გასულხარ, რა არის ამის მიზეზი?

– დიახ, ტვინის შერყევის გამო მოედანს დიდი ხნით ჩამოვშორდი. ეს არის ტრავმა, რომელიც სერიოზულ მიდგომას მოითხოვს. ადრე ტვინის შერყევას ასე არ ვუყურებდი, ახალგაზრდა ვიყავი და სიმპტომებიც უფრო მალე გადიოდა, თუმცა ახლა გარკვეული პერიოდით დასვენებამ მომიწია. ეს გადაწყვეტილება ექიმებთან და სამწვრთნელო შტაბთან შეთანხმებით მივიღე, რათა მომავალში გართულებები თავიდან ავირიდო. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ, ნელ-ნელა ვარჯიშს ვიწყებ და იმედია, ეს ყველაფერი წარსულში დარჩება.

– როგორ მიდის რეაბილიტაცია, რა ეტაპზე ხარ და როდის შეძლებ მოედანზე დაბრუნებას?

– აქამდე არაფერს ვაკეთებდი, ვისვენებდი, ავტომობილის მართვა, წიგნის კითხვა და ტელევიზორის ყურებაც კი აკრძალული მქონდა. სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის დროს, კლუბმა ორი კვირით თბილისში ჩამოსვლის უფლება მომცა. საფრანგეთში ამ უქმეებზე ჩავალ და ფიზმომზადების მწვრთნელთან ერთად გეგმას დავსახავთ. აღდგენითი პროცესი ისეთ მიდგომას მოითხოვს, როგორც მუხლის ტრავმის დროს ხდება. ვარჯიშების ინტენსივობა ნელ-ნელა გაიზრდება, შემამოწმებენ კონტაქტებისას, დამიბრუნდება თუ არა ტვინის შერყევის სიმპტომები და თუ ყველაფერი კარგად იქნება, სავარაუდოდ, ორ თვეში თამაში შემეძლება.

– ასეთი ხანგრძლივი რეაბილიტაცია ჭირდება ტვინის შერყევას?

დიახ, რადგან სამთვიანი უქმობის ფონზე, ყველაფერი კარგად რომც იყოს, ფორმის აღდგენას დაახლოებით თვენახევარი ჭირდება. როდესაც მუხლის, ან კუნთის ტრავმა გაქვს, რაღაც დოზით ვარჯიშს ახერხებ და გარკვეულწილად ფორმას ინარჩუნებ, ამ შემთხვევაში კი, არაფრის გაკეთების უფლება არ მქონდა.

– ტრავმების გამო დიდი დრო გაგიცდა და კლუბთან პრობლემები ხომ არ შეგქმნია?

– “კლერმონთან” კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს მეწურება და რა თქმა უნდა, ჩემს მომავალთან დაკავშირებით კითხვები დაისვა, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. რადგან ამდენი ხანია არ მითამაშია და ჯერ ზუსტად ისიც არ ვიცი როდის ჩავდგები ფორმაში, მეც მიჭირს გადაწყვეტილების მიღება. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ მოედანზე დაბრუნების შემდეგ ვიყო იმავე შემართებით, ისეთივე ქმედითი, როგორც მანამდე და ‘კლერმონთან’ თუ სხვა კლუბებთან მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბრებ, რა თქმა უნდა ჩემს აგენტთან ერთად.

– “კლერმონს” შარშანდელი სეზონი ჩაუვარდა, წელს კი ტრადიციულ ადგილს დაუბრუნდა და ლიდერთაშორისაა. რა იყო ჩავარდნის მიზეზი და რა შეიცვალა ზაფხულში?

– ჩემი აზრით, შარშანდელი ჩავარდნა ჩემპიონობამ განაპირობა, რაც ტოპ 14-ში ბევრ გუნდს დამართნია. ვფიქრობ, ეს მოტივაციის ნაკლებობის შედეგია. ძალიან ძნელია ამხელა წარმატების შემდეგ იგივე განწყობის შექმნა. ეიფორიაში ვიყავით, მოსამზადებელ ეტაპსაც კი მარტივად მივუდექით და თუ მანამდე ორი თვე ვემზადებოდით, მხოლოდ სამ კვირაში ჩავეტიეთ. ამით სხვა გუნდებმა ისარგებლეს, სეზონი ცუდად დავიწყეთ და მერე დალაგება ვეღარ მოვახერხეთ. მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა ეს კარგად გავითავისეთ, სერიოზული მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ, საქმეს ისე მივუდექით, თითქოს ყველაფერს ნულიდან ვიწყებდით და ამან გაამართლა. მიმდინარე სეზონში ჩატარებული 15 მატჩის შემდეგ, ტოპ 14-ში 52 ქულით მეორე ადგილზე ხართ და ლიდერს (‘ტულუზი’) მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებით. ამავდროულად, ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის ექვსივე მატჩი ბონუსით მოიგეთ და ქულათა მაქსიმუმი დააგროვეთ. არადა, ფრანგული კლუბები ამ ტურნირს დიდად არ წყალობენ.

– სანაკრებო თემაზე, სადაც ბოლოს შარშან ზაფხულში, ივნისის ტესტებზე ითამაშეთ?

– ივნისში მოტივაციის ნაკლებობას არ განვიცდიდით, მაგრამ სამწუხაროდ, არასახარბიელო შედეგი ვაჩვენეთ. არის შემთხვევები, როდესაც მარტივად ვახერხებთ დალაგებას, თუმცა ზაფხულში ეს ვერ შევძელით, ერთგვარი რეგრესი გვქონდა, რაც სპორტში ხდება ხოლმე და ეს კატასტროფა სულაც არ არის. თუმცა შემოდგომის ტესტებზე მწვრთნელებმა და ბიჭებმა ყველაფერი გამოასწორეს და ნოემბერში ძალიან მაგარი თამაშები მოიგეს, რამაც ის ჩავარდნა დაგვავიწყა. სწორედ ესაა პროფესიონალიზმის და გამოცდილების მაჩვენებელი. ყველამ კარგად გაიაზრა დაშვებული შეცდომები და ნოემბერში ძალიან მაგარი თამაში აჩვენეს!

– ფიჯის ნაკრებმა ნოემბერში საფრანგეთს მოუგო პარიზში. ეს ის გუნდია, რომელთანაც მსოფლიოთასზე მოგებას ვგეგმავთ. რა შანსები გვაქვს მათთან იაპონიაში?

– ფიჯის ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ამაში ყველა დამეთანხმება, ვინც ნოემბერში მათი და საფრანგეთის ნაკრების თამაში იხილა. ითვლებოდა, რომ მათი პრობლემა ფიზიკური მოუმზადებლობა იყო, რის გამოც 60 წუთის შემდეგ სათამაშო სისტემა იშლებოდა, თუმცა ახლა აჩვენეს, რომ ყველანაირად მზად არიან. „სტად ფრანსეზე“ საფრანგეთს ისე მოუგეს, ხელი არ გაანძრევინეს. ძალიან რთული იქნება ფიჯისთან თამაში, მაგრამ მსოფლიო თასი ის ჩემპიონატია, სადაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს. მით უმეტეს იმ მომზადების ფონზე, რომელიც 3-თვიანი შეკრების შემდეგ გვექნება. ზაფხულის პერიოდში იმდენს და ისე ვარჯიშობთ, სულ სხვა ძალა და ენერგია გვემატება.

– წლის უმთავრესი ტურნირი სექტემბეროქტომბერში გველოდება. რა შედეგს უნდა ველოდოთიაპონიიდან?

– უელსის და ავსტრალიის დამარცხების ამბიცია ბევრს აქვს, მაგრამ რეალურად ამის გაკეთება ძალიან რთულია. უელსსაც აქვს მსოფლიო თასზე თავისი ამბიციები და ალბათ, ფინალზე, ან ნახევარფინალზე ფიქრობს. მაგრამ როდესაც მსოფლიო თასზე გავდივართ, ყველაფრისთვის მზად ვართ და თუ იაპონიაში უელსთან გამარჯვებას შევძლებთ, ეს იქნება ქართული რაგბის ისტორიაში წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი. მსოფლიო თასი არის ყველაზე მაგარი ადგილი, სადაც უელსისა და ავსტრალიის დარი გუნდების დამარცხების შანსი უნდა გამოიყენო. მწვრთნელებს კარგად აქვთ გაწერილი მოსამზადებელი ეტაპი, ვნახოთ როგორ ჩაივლის ეს პროცესი, მოსამზადებელი თამაშები. პირადად მე მჯერა, ყველაფერი შესაძლებელია და ქართული რაგბი უკვე ავიდა იმ სიმაღლეზე, რომ ასეთი გუნდების დამარცხებაც შეგვიძლია.

– მოსამზადებელ ეტაპზე შოტლანდიას ორჯერ ვეთამაშებით, აქედან ერთხელ თბილისში, „დინამოარენაზე“.

– „დინამო არენას“ აურა და გულშემატკივრების რაოდენობა ცალკე თემაა. ბოლო დროს მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაგბშიც მეტად გათვითცნობიერებულები არიან და ასე ვთქვათ გვანებივრებენ. რაც შეეხება შოტლანდიასთან ორჯერ შეხვედრას, ეს დიდი ბედნიერება და მსოფლიო თასის წინ უდიდესი გამოცდილება იქნება. დარწმუნებული ვარ, ყველა ის მორაგბე, ვინც მოედანზე გავა, მაქსიმუმს გაიღებს რათა გულშემატკივარი გაახაროს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მოსამზადებელი თამაში იქნება და შესაძლოა, მწვრთნელმა გარკვეული მორაგბეების გამოსაცდელად გამოიყენოს.

– მართალია ნოემბერში მოედანზე ვერ გახვედი, მაგრამ არ შეიძლება იტალიასთან მატჩზე არგკითხოთ. შეიძლებოდა მოგება?

– იყო რაღაც ფაქტორები, რის გამოც ეს თამაში ვერ მოვიგეთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, იტალიასთან ნოემბრის მესამე თამაში რომ გვქონოდა, ეს შემადგენლობა მათ აუცილებლად მოუგებდა. ბიჭები წამოიზარდნენ და უკვე შეუძლიათ თავისი სიტყვის თქმა. მათ წინ კიდევ არაერთი მსგავსი შეხვედრა ელით და იქ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ შემობრუნდება. ისინი ბავშვობიდან ერთად მოდიან, ახალგაზრდულ ნაკრებებში არაერთი მაღალი დონის გუნდი დაამარცხეს და რაც მთავარია დაგვანახეს, რომ დიდი ნაკრებისთვისაც მზად არიან. ჩემს პოზიციაზე, მესამე ხაზში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმუმ 10 წელი პრობლემა არ გვექნება. ნოემბრის დანარჩენ ორ შეხვედრას თუ გავიხსენებთ, სამოასა და ტონგას ნაკრებებთან ურთულესი თამაშები სწორედ ახალგაზრდებმა შემოაბრუნეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქართული რაგბი ვითარდება და წინ მიდის. იტალიასთან იმედგაცრუებამ ისინი კიდე უფრო გააძლიერა, შრომისა და თავდადების შედეგად ორი მაგარი გამარჯვება აჩუქეს გულშემატკივარს.