“ოქროს ბურთის” წლევანდელ გამოკითხვას სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია. როგორც ირკვევა, ხმის მიცემაში მონაწილეობდა არარსებული ჟურნალისტი, ხოლო მედია საშუალება, რომელსაც ის წარმოადგენდა, ექვსი წლის წინ დაიხურა.
“ფრანს ფუტბოლი” წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად სპორტულ ჟურნალისტებს შორის გამოკითხვას სხვადასხვა ქვეყანაში ატარებს. მათ შორის საქართველოშიც, სადაც ჯერ გაზეთი “სარბიელი”, ახლა კი ვებგვერდი “სარბიელი” მონაწილეობს.
წლეულს გამარჯვება მადრიდის “რეალის” და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს დარჩა. თუმცა, უფრო საინტერესო ისაა, რომ კომორის კუნძულების წარმომადგენელი ჟურნალისტი აბდუ მოინა, რომელმაც ხმა პსჟ-ს და საფრანგეთის თავდამსხმელ კილიან მბაპეს მისცა, სინამდვილეში არ არსებობს.
სტეფან აჰამადი, კომორის კუნძულების ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი: “აბდუ ბოინაზე ჩანაწერი არ არსებობს. ფრანგული გამოცემის შეცდომა ჩემთვის კიდევ უფრო გასაგები იქნებოდა, ეს ჟურნალისტი მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, მაგრამ ეს ადამიანი საერთოდ არ არსებობს”.
ბოინას ამბავი ერთადერთი საეჭვო ფაქტი არაა, რომელიც 2018 წლის “ოქროს ბურთს” უკავშირდება. ტრინიდადელი ჟურნალისტი ლასანა ლიბურდი აცხადებს, რომ ორგანიზატორებმა მისი ხმა არასწორად გაითვალისწინეს. მან პირველი ადგილი ლიონელ მესის მიაკუთვნა, ანტუან გრიზმანს კი მეხუთე. თუმცა, “ფრანს ფუტბოლის” ცხრილში მისი არჩევანი პირიქითაა.