ბითაძე ევროლიგაში

0
46

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სერბული “მეგა ბიმაქსის” ცენტრი, გოგა ბითაძე კარიერას მონტენეგროულ “ბუდუჩნისტში” გააგრძელებს. ამ ტრანსფერის დადებითი მხარე ის გახლავთ, რომ გოგას ახალი კლუბი ევროლიგაში ასპარეზობს და ქართული კალათბურთის მომავალსა და ოკეანგაღმელი საკალათბურთო სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ მყოფი ახალგაზრდას თავის გამოსაჩენად გაცილებით დიდი სარბიელი ექნება. ევროლიგა ევროპაში ყველაზე მძლავრი ლიგაა, სადაც ევროპელი ვარსკვლავები და არაერთი ნბა-დან წამოსული კალათბურთელი თამაშობს.

ქართველი ცენტრი მონტენეგროელებმა სეზონის ბოლომდე მიიღეს და მის სანაცვლოდ “მეგა ბიმაკსში” ცენტრი ზორან ნიკოლიჩი გაუშვეს.

მიმდინარე სეზონში გოგამ “მეგა ბემაქსის” მაისურით 11 მატჩი ჩატარება მოასწრო, მისი საშუალო მაჩვენებლები კი შთამბეჭდავი იყო: 20.2 ქულა, 7.9 მოხსნა, 1.2 პასი, 2.5 დაფარება, სარგებლიანობის კოეფიციენტი 24.6. ბითაძის ახალ “ბუდუჩნოსტს” ადრიატიკის ლიგაში 8 მოგებითა და 3 მარცხით მე-2 ადგილი უკავია, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ქართველ ტალანტს ძალების მოსინჯვა ევროლიგაში მოუწევს.

პოდგორიცელებმა ევროპული კალათბურთის უმთარეს ტურნირში თამაშის უფლება ადრიატიკის ლიგის გასულ სეზონში “ცრვენა ზვეზდას” ჰეგემონიის დამხობით მოიპოვეს და საქმე სასირცხვილოდ ნამდვილად არ აქვთ.
სადებიუტო სეზონში “ბუდუჩნოსტმა” უკვე მოუგო ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტ მოსკოვის ცსკა-ს და მას თორნიკე შენგელიას “ბასკონია” და კიდევ ერთი ესპანური გრანდი “ბარსელონა” მიაყოლა.

3 მოგებითა და 10 მარცხით, პოდგორიცელებს ევროლიგის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-15 ადგილი უკავიათ, თუმცა, თელ-ავივის “მაკაბისა” და რუსულ “ხიმკის” მხოლოდ თითო გამარჯვებით ჩამორჩებიან.

“ბუდუჩნოსტი” მომდევნო შეხვედრას დღეს სტამბულის “ფენერბაჰჩესთან” ჩაატარებს, თუმცა, ძნელად სავარაუდოა, რომ გოგა უკვე საქმეში ვიხილოთ. დიდი ალბათობით, ბითაძე ახალი კლუბის მაისურს პირველად 24 დეკემბერს მოირგებს, როდესაც მონტენეგროს საუკეთესო გუნდი ადრიატიკის ლიგაზე სლოვენიურ კრკა-ს ესტუმრება.

ვთქვათ ისიც, რომ “ბუდუჩნოსტში” ბითაძეს გარჯა არაერთი ცნობილი კალათბურთელის მხარდამხარ მოუწევს: ესენი არიან საფრანგეთის ნაკრების წევრი ედვინ ჯეკსონი, სლოვენიელი ალენ ომიჩი, ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელი ნემანია გორდიჩი, ამერიკელი ლეგიონერები ეარლ კლარკი და კოტი კლარკე, მონტენეგროს ნაკრების მოთამაშეები ნიკოლა ივანოვიჩი, სუად სეჰოვიჩი, ფილიპ ბაროვიჩი, სეად სეჰოვიჩი, პეტარ პოპოვიჩი, დანილო ნიკოლიჩი…

“ბუდუჩნოსტმა” ბითაძე მედიასაც წარუდგინა, სადაც ქართველმა კალათბურთელმა განაცხადა:
“ჩემთვის დიდი პატივია, რომ “ბუდუჩნოსტში” ვითამაშებ, კლუბში, რომელიც ევროლიგაში ასპარეზობს. ეს ჩემთვის კარგი შანსია. მინდა, ახალ კლუბს უკეთ გარჯასა და გამარჯვებებში დავეხმარო. ვიცი, რომ “ბუდუჩნოსტს” დიდებული ფანები ჰყავს, რომლებიც საშინაო მატჩებზე წარმოუდგენელ ატმოსფეროს ქმნიან. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება”.