ეროვნული ლიგის 2018 წლის გათამაშება დასრულდა. ჩემპიონი “საბურთალოა” და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. მეორე, მესამე და მეოთხე ადგილები თბილისის “დინამომ”, ქუთაისის “ტორპედომ” და საჩხერის “ჩიხურამ” დაიკავეს. შესაბამისად, ეს გუნდები ევროპალიგაზე ითამაშებენ. ეროვნული ლიგა ფოთის “კოლხეთმა” დატოვა, “სამტრედია” და ბოლნისის “სიონი” კი პლეი ოფში იბრძოლებენ.
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა წარმოადგინა ანგარიში, თუ რა თანხები მიიღეს ეროვნული ლიგის, ეროვნული ლიგია 2-ის და ქვედა ლიგების კლუბებმა დაფინანსების სახით. გათვალისწინებულია ჩემპიონატის თანხები, საპრიზო დანამატები, დავით ყიფიანის თასზე და სუპერთასზე აღებული პრემიები.
როგორც ირკვევა, 2018 წელს ყველაზე მეტი თანხა ქვეყნის ჩემპიონმა, “საბურთალომ” გამოიმუშავა. თბილისურმა გუნდმა ჯამში 825 500 ლარი მიიღო. აქედან, 525 500 ლარი ეროვნულ ჩემპიონატში ნაჩვენების შედეგის ფასია, ხოლო დანარჩენი 300 000 საპრიზო დანამატი. შემდეგ მოდის ქუთაისის “ტორპედო”, რომლის ბიუჯეტი 708 500 ლარით შეივსო. აქედან 458 500 ლარი ეროვნული ლიგის ფულია, 100 000 საპრიზო დანამატი, 100 000 საქართველოს თასის მოგებით მიღებული თანხა და 50 000 საქართველოს სუპერთასზე გამარჯვებით გამომუშავებული პრემია. შემდეგ უკვე თბილისის “დინამოა”, რომელიც ჯამში 689 000 ლარით გამდიდრდა. ეროვნულ ლიგაში ყველაზე ცოტა, 132 000 ლარი ფოთის “კოლხეთმა” გამოიმუშავა.
