საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის შემდეგ გოგა ბითაძემ კლუბში პირველი მატჩი გამართა და კვლავ საუკეთესო გახდა. მისი “მეგა ბიმაქსი” მონტენეგროში ადრიატიკის ლიგის მოქმედ ჩემპიონსა და ახლაც ტიტულის დასაცავად მომართულ “ბუდუჩნოსტს” შეხვდა და დიდ ბრძოლაში – 85:91 დამარცხდა.
ბითაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31:41 წუთი გაატარა, სანამ მე-5 პერსონალურ ფოლს მიიღებდა. გოგამ 14-დან 7 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 23 ქულას 6 მოხსნა, პასი, ჩაჭრა და 4 დაფარება წაამატა.
ქართველი ლეგიონერის წინააღმდეგ 7-ჯერ დაჯარიმდნენ და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. შედეგად, მატჩის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტული სწორედ ჩვენებურს ერგო. და კიდევ: ბითაძის მიერ “ბუდუჩნოსტის” ფორვარდ ფილიპ ბაროვიჩზე დაფარება მე-10 ტურის საუკეთესო ეპიზოდად აღიარეს (იხილეთ ვიდეო)
“მეგა ბიმაქსს” 7 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 15 დეკემბერს, შინ, ერთპიროვნულ ლიდერ “ცრვენა ზვეზდასთან” ჩაატარებს.