წლის დიდებული დასასრული – “ბორჯღალოსნების” ბრწყინვალე გამარჯვება ტონგასთან!

0
169

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-მატჩების სერია გამარჯვებით დაასრულა. მილტონ ჰეიგის გუნდმა “მიხეილ მესხზე” ტონგას 20:9 სძლია.
“ბორჯღალოსნებმა” შესანიშნავად ითამაშეს და გამარჯვება ლამაზ სტილში იზეიმეს.
ანგარიში მე-5 წუთზე საჯარიმოთი ტონგელებმა გახსნეს. მე-17 წუთზე სტუმრებმა მეორე ჯარიმა გამოიყენეს და 6:0 დაწინაურდნენ.
26-ე წუთზე გიორგაძემ შეხვედრაში პირველი ლელო დადო, აბჟანდაძის გარდასახვით კი წინ გავედით – 7:6.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს აგრესიულად და გააზრებულად შეუტია, თუმცა მანამდე იყო მომენტი, რომელიც სტუმრებმა ვერ გამოიყენეს და ეს “ბორჯღალოსნების” დამსახურება გახლავთ.
მსაჯმა მოედნიდან ჯერ გორგაძე გააძევა, შემდეგ კი კვირიკაშვილი და ჰეიგის გუნდს ტაიმის ნახევრის თამაში კაცნაკლულს მოუხდა.

ტონგელების ჯარიმას აბჟანდაძემ უპასუხა და 10:9 დავწინაურდით.
თედო აბჟანდაძემ მალევე მორიგი ჯარიმა გამოიყენა და “ბორჯღალოსნები” 4 ქულით დააწინაურა.
მოედანზე კვირიკაშვილის დაბრუნების შემდეგ უპირატესობა ჩვენს ხელში სრულად გადმოვიდა და შეხვედრის ბოლოს, როდესაც დრო უკვე გაწითლებული იყო ჟვანიამ ულამაზესი ლელო დადო, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ფენომენალური!
აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 20:9.
ამრიგად, მილტონ ჰეიგის გუნდმა იტალიაში დამარცხების შემდეგ თბილისში ჯერ სამოას, შემდეგ კი ტონგას სძლია და ნოემბრის ტესტები დადებითი ბალანსით დაასრულა.