დრამატული ფინალი ბათუმში – ქუთაისის “ტორპედო” საქართველოს თასის მფლობელია!

0
41

საქართველოს დავით ყიფიანის თასი ქუთაისის “ტორპედომ” მოიპოვა. კახა ჩხეტიანის გუნდმა დრამატულ ფინალურ შეხვედრაში “გაგრას” მოუგო. ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი ორი ბურთის სხვაობით იგებდა, თუმცა “ტორპედომ” გაათანაბრა ანგარიში და შემდეგ, თერთმეტმეტრიანების სერიაში გაიმარჯვა.
მატჩის 37-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც რატი ცაცკრიალაშვილის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, ნუგზარ სპენდერაშვილი მეკარესთან პირისპირ დარჩა და გახსნა ანგარიში, 1:0. მეორე ნახევარი ხუთი წუთის დაწყებულიც არ იყო, როდესაც “გაგრამ” მეორე გოლი გაიტანა და სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. კუთხურის შემდეგ, თავური დარტყმით ვაკო ხაბეიშვილი გამოირჩა, 2:0.
დარჩენილ დროში “ტორპედო” გააქტიურდა, რაც მოსალოდნელი იყო. ქუთაისელებმა გარისკეს, დიდი ძალებით შეუტიეს და დაუფასდათ კიდეც. 75-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც კუთხურის შემდეგ, თავური დარტყმით მილოშ ლაჩნიმ გაიტანა და მინიმუმამდე შეამცირა ტორპედოს ჩამორჩენა.
მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე ერთი წუთი იყო დარჩენილი, როდესაც “გაგრას” მცველს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ბურთთან მილოშ ლაჩნი მივიდა, დუბლი შეასრულა და გაათანაბრა ანგარიში, 2:2.
დამატებით დროში უფრო ქუთაისური გუნდი აქტიურობდა, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს მსაჯმა დავით ხურცილავა გააძევა მოედნიდან და “ტორპედო” კაცნაკლული დარჩა. შესაბამისად, “გაგრას’ კარზე წნეხი შესუსტდა და საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა.
ისევე როგორც მთელი შეხვედრა, თერთმეტმეტრიანების სერიაც დრამატული გამოდგა. ქუთაისელებმა ოთხი დარტყმა ზუსტად შეასრულეს, “გაგრამ” კი ორი პენალტი გააფუჭა. ჯერ ჯაბა კასრელიშვილმა ააცილა ბურთი კარს, ბოლოს კი ერეკლე სულთანიშვილს აუღო როინ კვასხვაძემ. აღსანიშნავია, რომ სულთანიშვილმა პირველი მცდელობით გაიტანა გოლი, თუმცა მსაჯმა ჩათვალა, რომ ერეკლემ გამორბენის დროს პაუზა გააკეთა და მას ხელმეორედ დაარტყმევინა, რამაც “ტორპედოს” სასიკეთოდ გადაწყვიტა მატჩის ბედი. შედეგად, კახა ჩხეტიანის გუნდი საქართველოს თასის მფლობელია!

ბათუმი. “ანგისა”
ტორპედო – გაგრა 2:2 (პენ, 4:2)
გოლები: 0:1 სპანდერაშვილი (37), 0:2 ხაბეიშვილი (49), 1:2 ლაჩნი (75), 2:2 ლაჩნი (89, პენ)
გაგრა: შევჩუკი, ხოსიტაშვილი, ხაბელაშვილი (ლომსაძე 87), სამხარაძე (ივანიაძე 119), გ. გაფრინდაშვილი, სულთანიშვილი, კილაძე, თ. გაფრინდაშვილი, ცაცკრიალაშვილი (კასრელიშვილი 81), კაკიაშვილი, სპანდერაშვილი (მათიაშვილი 65).
ტორპედო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, ხურცილავა, ცინცაძე (კუხიანიძე 92), გიგაური (წიქარიძე 70), დოლიძე, ქიმაძე (ლაჩნი 54), კუტალია, კაპანაძე (დაფე 46).