აზერბაიჯანულმა გამოცემამ, azerisport.com-მა საქართველოს ნაკრების მწვრთნელთან ინტერვიუ ჩაწერა. ვლადიმირ ვაისმა აზერბაიჯანისა და საქართველოს ნაკრებების პერსპექტივებზე ისაუბრა.
– საქართველოს ნაკრებმა D დივიზიონში პირველმა მოახერხა პლეი-ოფში გასვლა…
– დიახ, ჩვენ გავხდით გუნდი, რომელიც პირველი გავიდა პლეი-ოფში, თუმცა მიზნის მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. წინ კიდევ ორი ტურია, სადაც შევეცდებით, ქულათა მაქსიმუმი მოვაგროვოთ.
– რას ელით თქვენ შემდეგ ეტაპზე?
– იქნება ოთხი თანაბარი დონის გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძოლებს.
– ვის ელოდებით ერთა ლიგის ნახევარფინალებში?
– ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ სხვა ჯგუფებში ფავორიტების გამოსვლას, თუმცა ხდება სიურპრიზებიც. მაგრამ არ მსურს, კალკულაცია ჩავატარო, პირველ რიგში, მე ჩემს ჯგუფში დაფიქსირებული შედეგი მაინტერესებს.
– ფიქრობთ, აზერბაიჯანი ჯგუფიდან გავა?
– აზერბაიჯანს კარგი ნაკრები ჰყავს. მას ჯერ კიდევ აქვს შანსი, პლეი-ოფში იასპარეზოს.
– ეთანხმებით თუ არა იმ ფაქტს, რომ კოსოვოს ნაკრებს უფრო მეტი შანსი აქვს?
– ქულებით, დიახ. თუმცა არსად არ წერია ის, რომ აზერბაიჯანს კოსოვოსთან შანსი არა აქვს. ყველა გუნდი თანაბარია და შანსები ყველას აქვს.
– თქვენი გუნდი უკვე პლეი-ოფშია. სავსებით შესაძლებელია, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს და ერთი მატჩი ბაქოში ჩაატაროს. როგორ მოგწონთ ეს პერსპექტივა?
– სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია. მე არ მინდა ვისაუბრო იმაზე, რაც შორსაა. თუმცა მე არ ვარ წინააღმდეგი, ჩემს გუნდთან ერთად ბაქოში ვითამაშო. მე ნამყოფი ვარ როგორც ფეხბურთელი, როდესაც ნაკრებში ვთამაშობდი. თქვენ გაქვთ ძალიან კარგი სტადიონი და ბაქო არის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ევროპაში.
