თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩამდე 72 საათი რჩება. 10 ნოემბერს, საქართველოს დროით 18 საათზე, საქართველო ფლორენციაში, „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე იტალიის ეროვნულ ნაკრებს ერკინება.
იტალიასთან ტესტის მნიშვნელობა კარგად აქვს გათვითცნობიერებული თითოეულ ბორჯღალოსანს, გულშემატკივარს და რა თქმა უნდა მილტონ ჰეიგს:
„ამ მატჩის ირგვლივ ძალიან დიდი ინტერესია ბრიტანული მედიის მხრიდან. უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ისინი არაერთხელ დამიკავშირდნენ. დიდი მოლოდინებია საფრანგეთსა და რა თქმა უნდა იტალიაში. რამდენიმე ახალ ზელანდიური გამოცემაც კი დამიკავშირდა. აქედან გამომდინარე, მოლოდინი დიდია.
„ძალიან ბევრი ელოდება ამ მატჩს. საზოგადოებასა და მედიაში გრძელდება საუბრები იმის შესახებ, რომ საქართველო რაიმე სახით უნდა გახდეს ექვსი ერის წევრი – იქნება ეს ფორმატის შეცვლით, თუ ჩანაცვლების მეთოდით. ჩვენც რა თქმა უნდა გვსურს, რომ ეს „საუბრები“ გაგრძელდეს და მათ გასაგრძელებლად შესაბამისი შედეგები დავდოთ. მაგრამ როგორც ადრეც ავღნიშნეთ, იტალიამ საკმაოდ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თამაში, მას შემდეგ, რაც მათი მწვრთნელი კონორ ოში გახდა.
„გარდა ამისა, ‘ზებრესა’ და ‘ბენეტონს’ ძალიან კარგი მწვრთნელები ყავთ, ერთ-ერთს ვიცნობთ კიდეც – მაიკლ ბრედლი, რომელიც 2015 წლის მსოფლიო თასზე ჩვენთან მუშაობდა. ეს გუნდები ევროტურნირებზე ისე თამაშობენ, როგორც იტალიის ნაკრებს სჭირდება. იტალიის ნაკრების წევრების უმეტესობა ხომ ამ გუნდის მოთამაშეები არიან. და ისინი ტურნირებს, სადაც ‘ძებრე’ და ‘ბენეტონი’ თამაშობენ იყენებენ იმისთვის, რომ იტალიის ნაკრების თამაში გააუმჯობესონ. ეს მთავარი მწვრთნელის, ოშის ძალიან ჭკვიანური მიდგომაა.“
16 მორკინალი და 12 უკანა ხაზი
ჩვენი გუნდი 26 ოქტომბრიდან საფრანგეთში, შეკრებაზე იმყოფებოდა. თიბისი რაგბის სერიების პირველი მატჩისთვის 28 კაციანი გაფართოებული შემადგენლობა შეირჩა. საბოლოო, 23-კაციანი სათამაშო განაცხადის წარდგენამდე, ქართველთა რაზმში 16 მორკინალი და 12 უკანახაზელია.
როგორც ადრე აღვნიშნეთ, ტრავმების გამო ჩვენს გუნდს რამდენიმე მოთამაშე ვერ დაეხმარება: კოტე მიქაუტაძე, დავით კაჭარავა, კარლენ ასიეშვილი, გიორგი ნემსაძე, ვიტო კოლელიშვილი, კოკი თხილაიშვილი, მირიან მოდებაძე, მერაბ კვირიკაშვილი და გურამ შენგელია.
10 ნოემბრის მატჩისთვის სამი დებიუტანტი ემზადება: ბურჯები გურამ გოგიჩაშვილი და ბექა გიგაშვილი, ასევე მგეზავი თედო აბჟანდაძე. ბორჯღალოსნების კვართით 5 წლის წინ, ერთადერთხელ უთამაშია შუამარბ ზურაბ ძნელაძეს, რომელიც მას შემდეგ გაფართოებულ შემადგენლობაში პირველად მოხვდა.
ჰეიგს დებიუტანტების ეიმედება და მათ ასე ახასიათებს:
„ეს ბიჭები საკმაოდ კარგი მოთამაშეები არიან: გურამ გოგიჩაშვილი, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს ‘რასინგში’; ბექა გიგაშვილი, რომელსაც გარკვეული დროის განმავლობაში ვაკვირდებოდით ‘გრენობლში’, სადაც ის დავით ქუბრიაშვილთან ერთად თამაშობს და მისგან ბევრს სწავლობს. მას ორივე ბურჯის პოზიციაზე შეუძლია თამაში და შარშან ‘გრენობლში’ კვაჭის პოზიციაზე 5 თამაშის ჩატარებაც მოუწია. ამ ბიჭებს შანსი საკმაოდ რთულ ფაზაში ეძლევათ და თუ ისინი შეძლებენ კარგად თამაშს, რაშიც დარწმუნებული ვარ, მაშინ ნებისმიერ სერიაში კარგად ითამაშებენ“
„თედო აბჟანდაძეს ყველა კარგად იცნობს. ჩვენ მას 18 თვის განმავლობაში ვაკვირდებით, ჯერ მხოლოდ 20-წლამდელია და მიმაჩნია, რომ ძალიან ნიჭიერი მორაგბეა – ერთ-ერთი ბუნებრივად ყველაზე ნიჭიერი მორაგბე, რომლის წვრთნის პატივიც საქართველოში მქონია“.
„ასევე გვყავს „ტურბო“ (ზურაბ ძნელაძე), რომელიც კარგა ხანია არ ყოფილა ნაკრებში. ის საკმაოდ ფიზიკურია და ბუნებრივად აქვს ოფლოუდების გაკეთების ნიჭი. მასში კიდევ ის მოგვწონს, რომ შეუძლია როგორც ცენტრში, ასევე ფრთაზე და 15-ზე თამაში“.
ზემოთნახსენები მორაგბეების გარდა, 10 ნოემბერს ბორჯღალოსნების შერკინების მწვრთნელის რანგში დებიუტი ექნება ინგლისელ შერკინების მწვრთნელს გრემ როუნთრის:
„ვფიქრობ, ამ შესაძლებლობით ის ძალზედ აღტაცებული იყო. მას არასდროს უფიქრია, რომ მოუწევდა საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა და როდესაც ეს შესაძლებლობა მიეცა, ძალიან გაუხარდა, რაც სხვა ყველაფერთან ერთად, მასში ძალიან მომწონს. როუნთრის უმუშავია სამ მსოფლიო თასზე ინგლისთან ერთად, იყო „ბრიტანელი ლომების“ მწვრთნელი, ძალიან გამოცდილია და წარსულში ძალიან კარგი მორაგბე იყო. მას ყველა ის თვისება აქვს, რაც მწვრთნელისთვისაა საჭირო – გამოცდილება, ტექნიკური შესაძლებლობები, თუმცა მასში უმთავრესად სწორედ აღტაცება და მოტივაცია დავაფასეთ“.
„აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რომ მას ჩვენს შერკინებაზე პოზიტიური ეფექტი ექნება და არა მხოლოდ მორკინალებზე, არამედ მთელს გუნდზე, ვინაიდან გუნდის კარგი წევრია. როუნთრი ის ადამიანია, რომელსაც ირგვლივ ხალხის შემოკრება და მათთან ერთად მიზნის მისაღწევად ბრძოლა უყვარს. ჩვენმა მორკინალებმა როუნთრი უკვე გაიცნეს და მასზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დარჩათ. მორკინალებზე და მათ ზომებზე როუნთრისაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება დარჩა. დარწმუნებული ვარ, ის სულ სხვა დონეზე გადაგვიყვანს“ – ამბობს ჰეიგი.
ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ნაკრებთან ერთად არიან დუდუ ქუბრიაშვილი (ბოლოს 2 წლის წინ, 2016 წელს შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშა), ბექა ბიწაძე (ბოლოს 2017 წლის ნოემბერში აშშ-ს წინააღმდეგ ითამაშა) და ბექა გორგაძე (ბოლოს 2017 წლის რაგბი ევროპაზე, რუმინეთთან ითამაშა).
იტალიასთან მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნები შინ დაბრუნდებიან და თიბისი რაგბის სერიების მომდევნო ორ შეხვედრას თბილისში გამართავენ – 17 ნოემბერსა „ავჭალაზე“ სამოასთან და 24 ნოემბერს „მიხეილ მესხზე“ ტონგასთან.