“ბარსელონასთან” 1:5 განადგურება ძვირად დაუჯდა ხულიენ ლოპეტეგის და ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი დანიშვნიდან ხუთ თვეში “სამეფო კლუბიდანაც” გაუშვეს – “რეალში” სკანდალურად მისული ბასკი სპეციალისტი კასტილიელთა კლუბიდან უსახელოდ წავიდა. ცნობილია მისი შემცვლელის ვინაობაც – სანტიაგო სოლარი.
29 ოქტომბერს რეალის დირექტორთა საბჭო შეიკრიბა. მისი გადაწყვეტილებით, კლუბმა გაუუქმა ხელშეკრულება ხულიენ ლოპეტეგის. დირექტორთა საბჭო გადაწყვეტილებას იმით განმარტავს, რომ კლუბმა უნდა შეცვალოს დინამიკა, რადგან ლოპეტეგისთან ერთად “რეალს” არაფერი გამოუვიდა.
კლუბმა მადლობა გადაუხადა ლოპეტეგისა და მის შტაბს მუშაობისთვის და დაემშვიდობა მას. ლოპეტეგის დროებით სანტიაგო სოლარი შეცვლის, რომელიც მუშაობას უკვე 30 ოქტომბრიდან დაიწყებს.
42 წლის სანტიაგო ერნან სოლარი არგენტინელი ექსფეხბურთელია. სოლარი “რეალ კასტილიას” წვრთნიდა.