“ის არ ყვიროდა”…

0
52

მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მოდელმა ქეთრინ მაიორგამ კრიშტიანუ  რონალდუს წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანა და იგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა, პორტუგალიელი  ფორვარდის გარშემო ვნებათაღელვა არ წყდება. სკანდალის გამო, ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელთან თანამშრომლობა შესაძლოა, ისეთმა მსხვილმა სპონსორებმა შეწყვიტონ, როგორიც სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის  მწარმოებელი კომპანია Nike  და ვიდეო-თამაშების შემქმნელი EA Sports არიან. ორივე ორგანიზაციამ  კრიშტიანუსთან დაკავშირებით საგანგებო  განცხადება გამოაქვეყნა.

-ვიხილეთ შესაბამისი მოხსენება, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი კრიშტიანუ რონალდუს ბრალდება გაუპატიურებაში. სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით, რადგან სპორტსმენებისგან და ჩვენი ელჩებისგან მუდამ ისეთ ქცევას ველით, რომელიც ჩვენს ფასეულობებთან თანხვედრაში იქნება,- ნათქვამია EA Sports-ის განცხადებაში.

-ღრმად ვართ შეშფოთებულები გავრცელებული ინფორმაციის გამო და სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით, – ასეთი განცხადება კი Nike-ში გააკეთეს.

გერმანულმა გამოცემა Spiegel-მა „იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს ჩვენების ამონარიდი გამოაქვეყნა, რომელიც ფეხბურთელმა, დიდი ხნის წინ, გაუპატიურების ბრალდების საქმეზე პოლიციაში მისცა. შეგახსენებთ, რომ 34 წლის ამერიკელმა ქალბატონმა ქეთრინ მაიორგამ  ახლახან რონალდო გაუპატიურებაში  დაადანაშაულა და სასამართლოში უჩივლა. მაიორგა ირწმუნება, რომ ფაქტი ლას ვეგასში 2009 წელს მოხდა. გავრცელდა ცნობა, რომ ქალმა 2010 წელს პორტუგალიელი ფეხბურთელის წარმომადგენლებისგან დუმილის სანაცვლოდ 375 ათასი დოლარი მიიღო, თუმცა, სექტემბერში მედიის მეშვეობით ამბავი მაინც გაასაჯაროვა.

-ის არ ყვიროდა და დახმარებასაც არ ითხოვდა,- აქვეყნებს რონალდუს სიტყვებს Spiegel Football Leaks-ზე დაყრდნობით.