საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეოთხე მატჩიც მოიგო, 12 ქულა მოაგროვა და პლეი ოფის საგზური გაინაღდა. ამჯერად, ვლადიმირ ვაისის გუნდმა რიგაში ლატვიის ნაკრები დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ვრცელი და ემოციური კომენტარი გააკეთა…
ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):
“რა თქმა უნდა, ბედნიერები ვართ, რომ ქართველ ხალხს, ქართველ გულშემატკივრებს სიხარული მივანიჭეთ. მოხარული ვარ ჩვენი ფეხბურთელების გამო. ასევე, მახარებს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესვეურების ნდობა გავამართლეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და წინ კიდევ დიდი სამუშაო გველოდება. ვნახოთ, როგორ წარიმართება პლეი ოფი, თუმცა ჩვენ ვხედავთ გზას, თუ როგორ უნდა მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე.
მანამდე კი ჯგუფი მოგებულია და პირველი ნაბიჯი გადადგმულია. ჯგუფში კიდევ ორი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი და ვეცდებით, რომ მეტი ქულა მოვაგროვოთ, რადგან ეს მოგვემს საშუალებას, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეოთხე კალათაში ვიყოთ. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო თამაში აჩვენა ჩემი თავკაცობით. იყო სათამაშო დისციპლინა და იყო თამაშის მაღალი ხარისხი. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველებს და ყველას, ვინც მხარს გვიჭერდა. დღეს, მე ბედნიერი ადამიანი ვარ.
მე და ჩემ გუნდს კარგი ურთიერთობა გვაქვს ქართველ ჟურნალისტებთან და ძალიან თბილი ურთიერთობა ქართველ გულშემატკივრებთან, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვიდგანან. დარწმუნებული ვარ, რომ ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, რომელსაც თბილისში ყაზახეთის წინააღმდეგ გავმართავთ, ტრიბუნები ბოლომდე შეივსება.
წინ კიდევ ორი მატჩია და შემდეგ უკვე ტრადიციული შესარჩევი ეტაპი გველოდება. აქვე ვიტყვი, რომ გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები, ტალანტები და ვიმედოვნებ, რომ ისინი სწორად წაიყვანენ თავიანთ კარიერას. ისევე როგორც, ამას გიორგი ჩაკვეტაძე აკეთებს.
სამი წელია, რაც საქართველოში ჩამოვედი და ისეთი პროგრესი, როგორიც ამ პერიოდში ჩაკვეტაძეს აქვს, ცხოვრებაში არ მინახავს. მას შეუძლია გახდეს ქართული ფეხბურთის ნამდვილი ვარსკვლავი. გიორგის ეტყობა, რომ კარგი ოჯახიდანაა და ის სამაგალითოა სხვა ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის.
კანკავა, ხოჭოლავა, კაშია, აბურჯანია – დღეს ყველა იმსახურებას შექებას. დღეს, ყველა ვიმსახურებთ ამ სიხარულს, რადგან ჩვენ გადავდგით პატარა ნაბიჯი წინ”.