შვედური საფეხბურთო კლუბის, ”გიოტებორგის” ქართველი შემტევის გიორგი ხარაიშვილის შეძენა ჰოლანდიურ ამსტერდამის ”აიაქსს” სურს. ინფორმაციას შვედური და ჰოლანდიური სპორტული ვებგვერდები ავრცელებენ. ჰოლანდიური კლუბი ხარაიშვილის შეძენას გეგმავს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერი aftonbladet-ს ესაუბრა: ”კლუბში თავს კარგად ვგრძნობ, ამ ეტაპზე წასვლაზე არ ვფიქრობ. ვიდრე ახალ გუნდზე ფიქრს დავიწყებ, მსურს ”გიოტებორგისთვის” მაქსიმალურად დავიხარჯო. თუ უფრო ძლიერ ჩემპიონატში კარიერის გაგრძელების შანსი მექნება, ცხადია დავფიქრდები.”
”საბურთალოს” აღზრდილი შვედურ კლუბს მიმდინარე წლის თებერვალში შეუერთდა. 22 წლის ფეხბურთელმა შვედეთის ჩემპიონატის 17 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჰოლანდიის ყველაზე ტიტულოვან კლუბში 1997-2001 წლებში ქართველი თავდამსხმელი შოთა არველაძე თამაშობდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის საუკეთესო ფორვარდი ”აიაქსთან” ერთად ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა ორჯერ ჰოლანდიის თასი მოიგო.
