ოფიციალურად: კვერკველია “გაგრას” ღირსებას დაიცავს

0
13

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სოლომონ კვერკველია “გაგრაში” ჩაირიცხა, რაც ნახსენები კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა. 30 წლის კვერკველიამ მიმდინარე სეზონი ხარკოვის “მეტალისტში” დაიწყო, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო საქართველოში დაბრუნდა და მინიმუმ 30 ივნისამდე “გაგრაში” ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ფიფამ რუსეთში და უკრაინაში მოასპარეზე ლეგიონერებს თავის კლუბებთან კონტრაქტის შეჩერების და 30 ივნისამდე სხვაგან თავისუფალ აგენტის სტატუსით გადასვლის ნება დართო. კვერკველია ფინანსურად შეჭირვებულ “გაგრაში” უხელფასოდ ითამაშებს, რაც თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილებაა.
კვერკველია კარიერის განმავლობაში ხარკოვის “მეტალისტის” გარდა, რუსეთის პრემიერ ლიგაში ყაზანის „რუბინში“, მოსკოვის „ლოკომოტივში“ და ვოლგოგრადის “როტორში” გამოდიოდა.
მან რუსეთის ჩემპიონატში და თასზე 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაში 10-ჯერ ითამაშა, ხოლო ევროპა ლიგაში 23-ჯერ.
კვერკველიამ რუსეთის ჩემპიონატი მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ერთად ერთხელ მოიგო (2017-2018 წლების სეზონში), ხოლო თასს 2-ჯერ (2016-2017, 2018-2019) დაეუფლა. გარდა ამისა, მოსკოველებთან ერთად სუპერთასი ერთხელ მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა რუსეთის თასი ყაზანის „რუბინის“ შემადგენლობაშიც მოიპოვა – 2011-2012 წლების სეზონში.
ის საქართველოს ეროვნულ გუნდში 2014 წლიდან ასპარეზობს და 43 მატჩი ჩაატარა.