კანტონა პრემიერ ლიგის დიდების დარბაზშია

0
27

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული თავდამსხმელი ერიკ კანტონა ინგლისის პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიქმნა, იუწყება ლიგის პრესსამსახური.

„ნიუკასლის“ ექსფორვარდ ალან შირერისა და „არსენალის“ ყოფილი თავდამსხმელის ტიერი ანრის შემდეგ, კანტონა მესამე მოთამაშეა, რომელსაც ასეთი პატივი ერგო.

აღსანიშნავია, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა გამოკითხვის შედეგად 23-კაციან სიაში პირველი ადგილი დაიკავა. მომავალში, მსგავსი მეთოდით დიდების დარბაზისთვის კიდევ 5 ფეხბურთელს შეარჩევენ.

კანტონა ინგლისის ჩემპიონატში 1991-დან 1997 წლამდე გამოდიოდა. მან 2 სეზონი „ლიდსში“ (1991-1992, 1992-1993 წლების სეზონის პირველი ნახევარი) გაატარა, ხოლო შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გამოდიოდა.

მან მანჩესტერელებთან ერთად 4-ჯერ პრემიერ ლიგა მოიგო, 2-ჯერ ინგლისის თასს დაეუფლა, ხოლო 3-ჯერ – სუპერთასს.

ფრანგმა „ლიდსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ საერთო ჯამში ყველა ტურნირში 220 მატჩი ჩაატარა და 96 გოლი გაიტანა.