კუპატაძე: “ისტორია უკვე დავწერეთ, ახალი ფურცელი უნდა გადავშალოთ”

0
68

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრებს 1 თებერვალს დაუპირისპირდება. გრონინგენში ჩატარებული ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ავთანდილ ასათიანის გუნდი ამსტერდამში ჩავიდა და მატჩამდე ერთი დღით ადრე შეხვედრის მასპინძელ ზიგო დომის არენაზე ივარჯიშა. ჩემპიონატის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე მეოთხედფინალური ეტაპის მატჩებს დაახლოებით ათასი გულშემატკივარი დაესწრება.
31 იანვარს, ჩვენი გუნდის პრესკონფერენცია კვლავ ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.
 ზვიად კუპატაძე (საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანი): „ჩვენი მოწინააღმდეგე ევროპის ჩემპიონატის ერთ-რთი საუკეთესო გუნდი და ტურნირის ფავორიტი. ძალიან ძლიერი გუნდია. ისტორია უკვე დავწერეთ, თუმცა ახალი ფურცელი უნდა გადავშალოთ და ვიბრძოლოთ ახალი მიზნებისთვის.
ჯგუფური ეტაპი უკვე დავივიწყეთ და ვემზდებით მეოთხედფინალისთვის. ვიცით, რამდენად პრინციპული მეტოქეა რუსეთი ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ყველაფერს დავდებთ მოსაგებად და თამაში აჩვენებს, იქნება თუ არა ეს საკმარისი“.
შოთა თოფურია (საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი): „ესპანეთთან მძიმე მარცხი უკვ წარსულია. გუნდში კარგი განწყობაა.
ვიცით, ვისაც ვეთამაშებით და ჩვენთვის დიდი პატივია ასეთ მნიშვნელოვან თამაშში, მეოთხედფინალში მონაწილეობა. ვეცდებით, ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ. ვფიქრობ, მოწინააღმდეგე ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე საკვალიფიკაციო ეტაპზე იყო. განვიხილავთ  თამაშებს. ვეცდებით, მათ თამაშში არ ჩავერთოთ და მეტოქეს ჩვენი ფეხბურთი მოვახვიოთ თავს. ჩვენი ძლიერი მხარეები უნდა გამოვიყენოთ. ასეთ გრანდთან სათამაშოდ მაქსიმალური ბრძოლა და იღბალი დაგვჭირდება“.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 17 ფეხბურთელით გაემგზავრა. 14 მოთამაშისგან შემდგარი სამატჩო განაცხადი უცვლელია:
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუსეთის წინააღმდეგ:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)
წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი). ნაკრებთან ერთად ამსტერდამში კიდევ სამი ფეხბურთელი იმყოფება – ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი, საქართველო) და ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი, საქართველო)
თებერვალი |  ამსტერდამი | მეოთხედფინალი
20:00 | რუსეთი – საქართველო
23:00 | ესპანეთი – სლოვაკეთი
საქართველოს და რუსეთის მატჩი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტს გამოავლენს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.