ურუგვაელი ცენტრალური მცველი დიეგო გოდინი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „კალიარიდან“ წავა, იუწყება იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო. ურუგვაელის ეროვნული ნაკრების კაპიტანს სამი კლუბი ეპატიჟება და უახლოეს მომავალში გადაწყვეტს კარიერას სად გააგრძელებს. მადრიდის „ატლეტიკოს“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი იტალიურ კლუბში 2020 წლის სექტემბერში გადავიდა და 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან განვლილ პერიოდში სარდინიელთა მაისურით ყველა ტურნირში 34-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. გოდინის წასვლის მიზეზი ისაა, რომ მიმდინარე სეზონში ცოტა სათამაშო პრაქტიკა აქვს – მხოლოდ 6 თამაში ჩაატარა.
„კალიარიმ“ მის შემცვლელად 21 წლის მატეო ლოვატო შეიგულა, რომელსაც იჯარით აიყვანს. ლოვატომ ამ სეზონში ბერგამოელთა მაისურით 7-ჯერ იასპარეზა და ერთი საგოლა გადაცემა მიითვალა.





