ბრატისლავას „სლოვანი“, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა და ვიცეკაპიტანი მცველი გურამ კაშია გამოდიან, სლოვაკეთში ზამთრის ჩემპიონია.
მე-19 ტურში „სლოვანი“ სტუმრად „ჟილინას“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. მასპინძლები 21-ე წუთზე მრაზის გოლით დაწინაურდნენ, ხოლო ანანგმა 73-ე წუთზე საპასუხო ბურთი გაიტანა. ქართველი ლეგიონერები სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს. კანკავა ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გააფრთხილეს.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ „სლოვანს“ 42 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატის პირველი ეტაპი ლიდერის რანგში დაასრულა. ბრატისლაველები უახლოეს მდევად ტრნავის „სპარტაკს“ 4 ქულით ასწრებენ.
საბერძნეთის სუპერლიგის მე-15 ტურში “ლამია”, რომელშიც ბაჩანა არაბული გამოდის გასვლაზე “ოლიმპიაკოსთან” 0:1 დამარცხდა. ქართველმა თავდამსხმელმა მოედანზე პირველიდან ბოლო წუთამდე დაჰყო. “ლამია” 11 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.






