ფუტსალის ნაკრებმა სერბებთან პირველი სპარინგი ფრედ დაასრულა

0
63

საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო-2022-ის მზადების ეგიდით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ამხანაგური მატჩი სერბეთთან ჩაატარა. პირველ ქართულ-ბალკანური დაპირისპირება ფრედ დასრულდა – 1:1. თამაშის დაწყებამდე ქართველმა ფუტსალისტებმა პატივი მიაგეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრაგიკულად დაღუპული მეკარე დავით ჯინჭარაძის ხსოვნას.
შეხვედრში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, როდესაც ნატურალიზებული ბრაზილიელის რონინიოს კარგი გადაცემა მისმა თანამემამულე ელისანდრომ გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.
მეორე ნახევარში სერბებმა ანგარიში გააათანაბრეს, როდესაც დენის რამიჩმა შორი მანძილიდან დაარტყა და თორნიკე ბუკიამ ამჯერად გუნდი ვერ გადაარჩინა, არადა, ცოტა უკეთესად რომ ეთამაშა ამის შანსი ჰქონდ. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ელისანდო ეფარებოდა.
თამაშის ბოლო წამებმზე ქართველებს გამარჯვება შეეძლოთ, როდესაც სებების შეცდომის შემდეგ, ბრუნო პეტრი ბრანკო მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ვულიჩს ვერ აჯობა.
საქართველოს ნაკრები სერბებთან მეორედ 18 დეკემბერს ისევ ოლიმპიურ სასახლეში ისპარინგებს.
მასპინძლებს სერბებთან შეხვედრაში გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი მეკარე ზვიად კუპატაძე აკლდათ, რომელიც გუნდს მოგვაინებით შეუერთდება და 21-22 დეკემბერს ყირგიზებთან ჩასატარებელ სპარინგებში ითამაშებს. მის გარდა, ტრავმების გამო ნაკრებს ვახტანგ ჯვარაშვილი და შაგინია ვერ ეხმარებიან.
საქართველოს ნაკრების მსგავსად, სერბეთიც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადება, რომელიც ნიდერლანდებში 19 იანვრიდან – 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

საქართველო – სერბეთი 1:1 (1:0)
16 დეკემბერი. თბილისი. ოლიმპიური სასახლე.
საქართველო: ბუკია, რონინიო, თალესი, ელისანდრო, ბრუნო პეტრი ბრანკო.
სათადარიგოები: ჯამბურია, თოდუა, ქურდაძე, გიორგაია, კეკელია, თოფურია, ღავთაძე, სებისკვერაძე, კურტანიძე.