ვილი სანიოლის განცხადებით სექტემბერში ჩატარებული მატჩების შემდეგ ძალიან გაბრაზებული იყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ სასტუმრო “შერატონში” გამართულ პრესკონფერენიაზე განაცხადა.
ვილი სანიოლი: “სექტემბრის სანაკრებო პაუზა ნამდვილად რთული გამოდგა. მე უკმაყოფილო ვარ არა მხოლოდ შედეგით, არამედ თამაშის ხარისხითაც. თუმცა ეს უკვე წარსულია და მომავალზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ყველამ ერთად, პერსონალმა და ფეხბურთელებმა, ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ უკეთესები გავხდეთ. უფრო მეტი პროფესიონალიზმი და ჩართულობა გვმართებს. აქამდეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაში ძალიან საპატიოა და ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ამ გუნდის განვითარებისთვის.
ოქტომბერში ყველასგან განსხვავებულ მიდგომას ველოდები, იმიტომ, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს პასუხისმგებლობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთად უკეთ უნდა ვიმუშაოთ. სექტემბერში ნაჩვენები შედეგი ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარა, რამდენიმე უკლუბოდ იყო, ზოგი კი მოედანზე ახალი დაბრუნებული.
ამით იმის თქმა მსურს, რომ გასულ სანაკრებო პაუზაზე გუნდის დაკომპლექტება ადვილი არ გახლდათ. ამ მიმართულებით, ოქტომბრის შეხვედრები გაცილებით უკეთესია, თუ არ ჩავთლით ოთარ კიტეიშვილის ტრავმას. ამ ფაქტის გამო ძალიან ვწუხვარ, რადგან ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. თუმცა სასიამოვნოა, რომ სხვა მოთამაშეები გვიბრუნდებიან, მაგალითად: ოქრიაშვილი, გვილია, კვარაცხელია და ჩაკვეტაძე, რომელიც ახლა უკეთეს ფორმაში იმყოფება.
ამ ყველაფრის გათვალისწნებით, ჩვენ გვაქვს გარკვეული საბაბი იმისთვის, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი, თუმცა შედეგის მისაღწევად მთელი კვირის განმავლობაში ბევრი უნდა ვიშრომოთ.
უკვე აღვნიშნე, რომ სექტემბერში რამდენიმე მოთამაშე დაგვაკლდა, ამიტომ ჩემი გადაწყვეტილებით, შანსი ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებს მიეცათ. გასულმა შეხვედრებმა კარგად დაგვანახა თუ რა სხვაობაა დონეებს შორის.
სიმართლე გითხრათ, ცოტათი გაკვირვებული დავრჩი, როდესაც კოსოვოს მატჩამდე ქართული პრესის მოლოდინებს გავეცანი. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ყველა ადვილი თამაშის მოლოდინში იყო. კოსოვოელთა შემადგენლობა რომ განვიხილოთ, მათი ფეხბურთელები ნაპოლიში, ლაციოში, რომაში და სხვა მაღალი დონის კლუბებში თამაშობენ. ჩვენ კი, ასეთ გუნდებში ფეხბურთელები ჯერ-ჯერობით არ გვყავს. ბევრს ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, რომ ერთ დღეს ჩვენი მოთამაშეებიც ითამაშებენ უკეთეს კლუბებში და ლიგებში, სწორედ ესაა ჩვენი მიზანი. თუმცა ამის მისაღწევად ბევრი შრომაა საჭირო. როდესაც ისეთ ნაკრებს ვეთამაშებით, რომლის ფეხბურთელებიც უმაღლეს დონეზე ასპარეზობენ, ვერ ვიტყვით, რომ ასეთი მატჩი ჩვენთვის ადვილი იქნება და ეს ფაქტია.

ბოლო წლებში ფეხბურთის ფედერაცია ახალგაზრდული ფეხბურთის მიმართულებით ძალიან კარგად მუშაობს და ჩვენ უკვე ვხედავთ ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მამარდაშვილი და სხვები არიან. ეს თაობა ერთ დღეს ტოპ ლიგებში ითამაშებს, ეს ფაქტი კი, ეროვნულ ნაკრებს თავდაჯერებას და ძალას შემატებს. მანამდე კი, შრომა უნდა გავაგრძელოთ, როგორც ეს მარტში და ივნისში გავაკეთეთ.
ოქტომბრის მატჩებისთვის გამოცდილი მოთამაშეები დაგვიბრუნდნენ, ისეთები როგორებიც გვილია და კვეკვესკირი არიან. სექტემბერში გამოცდილების ნაკლელობა იგრძნობოდა და ბევრი შეცდომა დავუშვით, ვიმედოვნებ და მჯერა, რომ ეს ფეხბურთელები ამ მიმართულებით დაგვეხმარებიან.
მე, როგორც მწვრთნელი ვალდებული ვარ, რომ გადაწყვეტილებები ფაქტებზე დაყრდნობით მივიღო და არა ემოციების გათვალისწინებით. ფაქტი კი ისაა, რომ თუ უკეთესი მომავალი გვსურს ყველანი ერთად უნდა განვვითარდეთ.
ვერ ვიტყვი, რომ დარჩენილი სამი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოგება დამაკმაყოფილებს. ჩვენ ორი შეხვედრა საკუთარ მოედანზე უნდა გავმართოთ, ერთი სტუმრად. ამიტომ მსურს, რომ ყველა მატჩის მოსაგებად ვიბრძოლოთ. კარგი თაობა მოდის, თუმცა ისინი ჯერ ძალიან ახალგაზრდები არიან. გამართული შეხვედრების შემდეგ ვცდილობ გავეცნო რას ამბობენ გულშემატკივრები და მედია. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს განვითარებისთვის დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ.

თუ წარმატებული მომავალი გვსურს, ჩვენ უნდა ავაშენოთ ის. ახალგაზრდა მოთამაშეების აქტიურად გამოყენება, სწორედ ამ პროცესის ნაწილია. რა თქმა უნდა, რთული ეტაპების გავლა მოგვიწევს და ჩვენ ვიცით ეს. იქნება მომენტები, როცა იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები ვიქნებით. როდესაც მარცხდები, ბრაზდები. ეს ნორმალურია, რადგან ფეხბურთი ემოციური სპორტია. მაგრამ თუ გინდა, რომ ძლიერი იყო ამისთვის მყარი საძირკველი უნდა შექმნა. 20 წლის მოთამაშეებს ვერ მოვთხოვთ ისე ითამაშონ, როგორც ამას გამოცდილი ფეხბურთელები აკეთებენ, რადგან ამას დრო სჭირდება. მაგალითად კვარაცხელიას და დავითაშვილს სჭირდებათ ეს გამოცდილება, თუმცა ყველაფერი სწორად უნდა მოხდეს. მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, არ შეიძლება, რომ წარმატებული თამაშის შემთხვევაში ისინი მსოფლიოში საუკეთესოდ ჩავთვალოთ და ჩაგდებული მატჩის შემთხვევაში, ზომაზე მეტად გავაკრიტიკოთ. ფეხბურთელებმა უნდა იგრძნონ მხარდაჭერა და არა უდიდესი პასუხისმგებლობა მათ მხრებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი მხოლოდ 20 წლის არიან.
ხვიჩა ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც საკუთარ თავზე იმაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება უწევს ვიდრე ეს სასურველია. ზაფხულში მისი ტრანსფერის შესახებ ბევრი იწერებოდა, როდესაც გამოუცდელი ხარ, ასეთი სიტუაციების გააზრება ძალიან რთულია. მიუხედავად ყველაფრისა, ხვიჩამ უნდა იცოდეს, რომ ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა. ყველა ველოდებით მის დაბრუნებას, რადგან მარტის შემდეგ ნაკრებში არ უთამაშია.
ხვიჩამ კარგად იცის რას ველი მისგან მოედანზე. როგორც აღვნიშნე, ახალგაზრდებს მხარდაჭერა და გაგება სჭირდებათ. ვნახე, რომ ბოლო შეხვედრაში ხვიჩა სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და პენალტი ვერ გამოიყენა. ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია, ყველა დიდ ფეხბურთელს ჰქონია მსგავსი მომენტი. პირობას გაძლევთ, რომ კვარაცხელიას ეროვნულ ნაკრებში ძალიან პოზიტიური გარემო დახვდება. სხვა ფეხბურთელების მხარდაჭერით ვფიქრობ, რომ მოედანზე შედეგიან ხვიჩას ვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ის გუნდისთვის ბოლომდე დაიხარჯება, რადგან კვარაცხელიას უყვარს ეროვნული ნაკრები და მას სურს, რომ კარგი ფეხბურთელი იყოს. მარტში მან ძალიან კარგი თამაში აჩვენა და დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება ახლაც, ხვიჩას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.

არ ვფიქრობ, რომ პატრიოტიზმის შესახებ საუბარი ჩემი მოვალეობაა, ეს უფრო ფეხბურთელებს ეხებათ და დარწმუნებული ვარ ისინი ასი პროცენტით მზად არიან ამ მიმართულებით. ჩვენს გუნდს მსგავსი პრობლემა არ აქვს, ყველა მოთამაშეს ძალიან უყვარს საკუთარი ქვეყანა და თითოეულ მათგანს სურს, რომ ნაკრებისთვის ყველაფერი გააკეთოს.
ახალგაზრდა მოთამაშეებს სწორად განვითარებისთვის გამოცდილი ფეხბურთელები სჭირდებათ. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი ნაკრებში სწორად წარიმართება. მოგეხსენებათ, მეც ფეხბურთელი ვიყავი და კარგად ვიცი, რომ ყველა შემთხვევაში ისე ვერ ითამაშებ როგორც შენს გულს სურს, ამაზე გავლენას უამრავი ფაქტორი ახდენს.
რაც შეეხება ვაკო ყაზაიშვილს, გადაწყვეტილებას ყოველთვის მე ვიღებ, არ აქვს მნიშვნელობა ეს გადაწყვეტილება ცუდია თუ კარგი. როდესაც ფეხბურთელს ვიძახებ მე მის თამაშს ვაფასებ როგორც კლუბში, ისე ნაკრებში. სექტემბრის მატჩებში ვაკოს თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ ვიყავი. მე მხედველობაში ბევრი ფაქტორი უნდა მივიღო, მისი გასული მატჩები ჩვენთან ერთად, მისი ასპარეზობა კლუბში და რა თქმა უნდა, ის, რომ მას ჩვენთან ჩამოსასვლელად დიდი გზის გავლა უწევს. გადაწყვეტილება ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით მივიღე. მატჩის განაცხადში მხოლოდ 23 ფეხბურთელის შეყვანის უფლება მაქვს. ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ ვაკოსთვის ნაკრების კარი დაიხურა. უბრალოდ, ამ ეტაპზე ასე ჩავთვალე საჭიროდ.
იმ ექვსი თვის განმავლობაში, რაც მე საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ, შანსი ბევრ ფეხბურთელს მივეცით და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე მათ შეფასებაში დამეხმარება. ეს ყველაფერი მე დამეხმარა, რომ უკეთ გამეაზრებინა, თუ რისი მიღწევა შემიძლია ამ გუნდთან ერთად და რომელი ფეხბურთელები შეძლებენ ამ მიზნის მიღწევაში დახმარებას. უახლოეს სამ შეხვედრაში თქვენ ყველა ნახავთ, თუ რა მიმართულებით განვითარდება ჩვენი გუნდი.
ვფიქრობ, რომ ყველა ის მოთამაშე, რომელიც ოქტომბრისთვის სანაკრებო სიაში მოხვდა აქ ყოფნას იმსახურებს. რაც შეეხება მათ, ვინც ამ სიაში არ არიან, ეს ნიშნავს, რომ მუშაობა უნდა განაგრძონ და საკუთარ შანსს კვლავ მიიღებენ.

რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, ბედნიერი ვარ, რომ ოპტიმალურ ფორმას უბრუნდება. მან ორი წლის განმავლობაში ძალიან რთული პერიოდი გაიარა. სექტემბერში ნაკრებში გამოძახებამდე გიორგი გუნდში ცოტას თამაშობდა, მაგრამ ჩვენ სამი თამაშის განმავლობაში მას 100 წუთი დავუთმეთ. ამის შემდეგ მან კლუბშიც დაიწყო თამაში. გასულ შეკრებაზე ის სწორედ იმიტომ გამოვიძახე, რომ მხარდაჭერა მეჩვენებინა და ეგრძნო, რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ის ნაკრებისთვის. ბედნიერი ვარ, რომ ამან გაამართლა და საკლუბო დონეზეც ათამაშდა. მას უკვე შეუძლია, რომ მაღალ დონეზე 60-70 წუთი იასპარეზოს. ჩაკვეტაძე განსაკუთრებული ფეხბურთელია და თუ ის ფორმაში იქნება, საკუთარ შემადგენლობაში მის ხილვას ბევრი გუნდი ისურვებს.
ჩემი აზრით, ფეხბურთში მოთამაშეებს დრო სჭირდებათ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში. საქართველოში თუ 20 ათასი რეგისტრირებული ადამიანია ფეხბურთზე რეგისტრირებული, საფრანგეთში 2 მილიონია.
ცხადია, ეს ბევრ რაღაცაში აისახება. ფედერაცია ამ კუთხით დიდ სამუშაოს ატარებს და ყველაფერს თავისი დრო აქვს. ფეხბურთელებმა 12-14 წლის ასაკში უნდა ისწავლონ, მერე ძნელია მათ ასწავლო, რადგან ეს პროცესია. ნამდვილად მინდა ვთქვა, რომ ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები იდგმება.
ვცდილობთ ამ გარემოში ფეხბურთელებს ყველაფერი გავუკეთოთ, მაგრამ ღილაკზე თითის დაჭერით ყველაფრის მოგვარება შეუძლებელია. მე და ფედერაცია, რაზეც შევთანხდით ამ მხრივ ყველაფერი სრულდება. სექტემბრის მატჩებიდან გამომდინარე ჩემში ძალიან დიდი ბრაზი იყო, რადგან ასეთი თამაშით კმაყოფილი არავინაა. ფეხბურთელებთან მქონდა კომუნიკაცია, მაგრამ ეს ყველაფერი გუნდში რჩება“.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 9 ოქტომბერს ბათუმში საბერძნეთს შეხვდება, ხოლო 12 ოქტომბერს პრიშტინაში კოსოვოსთან ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





