თბილისის „საბურთალომ“ ზედიზედ ორი მატჩის ვერმოგების შემდეგ, 3 ქულა „თელავთან“ საშინაო მატჩში აიღო.
ხვიჩა შუბითიძის გაწვრთნილები მატჩის მსვლელობისას აგებდნენ, მაგრამ გამარჯვება მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში მოიპოვეს.
თამაშის 76-ე წუთზე ანგარიში თემურ ჩოგაძემ გახსნა, რომელმაც ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო, შემოტრიალდა და შორეულ კუთხეში დაარტყა. ის ბოლო 2 სეზონი დონეცკის „ოლიმპიკში“ გამოდიოდა.
78-ე წუთზე, თელაველი მცველი ბურთს თანაგუნდელს უბრუნებდა, მაგრამ პასი გიორგი გოჩოლეიშვილს გაუკეთა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და საპასუხო ბურთი გაიტანა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ნიკა მალის ჩაწოდების შემდეგ საბურთალოელთა ახალწვეულმა გერმანელმა ნახევარმცველმა სიმონ ზეფერინგსმა თავით გამარჯვების გოლი გაიტანა.
„საბურთალომ“ „თელავის“ 7-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და 39 ქულით სატურნირო ცხრილში მესამეა.





