თბილისის “დინამოს” სპორტულ მიმართულებასა ალექსანდრე რეხვიაშვილი უხელმძღვანელებს, ცხადაძემ 2 წლით გაახანგრძლივა

0
45

თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ 13 სექტემბერს კლუბის ახალი სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი, ალექსანდრე რეხვიაშვილი წარადგინა.

სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებების პროცესში, ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ კლუბის სპორტული სექტორის გაძლიერება და ახალი სპორტული მიმართულების ხელმძღვანელის დანიშვნა იყო.

უკანასკნელად, იგი სოლიგორსკის “შახტიორის” სპორტული დიექტორი იყო და ბელარუსულ კლუბთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობა, თასი და სუპერ თასი მოიგო.

რომან ფიფია:”ჯერ ორი წლის წინ ვლაპარაკობდით და განვიხილავდით კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ზაზა დოლიძესთან, რომ ბორდის ჩამოყალიბება იყო საჭირო. მაშინ ამ გეგმის განხორციელებაში პანდემიამ შეგვიშალა ხელი.

ახლა ეს მოვახერხეთ. ზაზა დოლიძე მალე წარმოგიდგენთ ბორდის ხელმძღვანელებს, რაც ქართულ რეალობაში ახალი სიტყვა იქნება. შევეცდებით, რომ გუნდს პროფესიონალები მართავდნენ

“დინამო თბილისის” სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი დღეიდან ალექსანდრე რეხვიაშვილი იქნება. გამოცდილი მენეჯერი, რომელსაც ზურგს უმაგრებს წარმატებული პროექტი ბელარუსში, რომელიც ქვეყნის ჩემპიონობით და არაერთი ტიტულის მოპოვებით დასრულდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იგი დაინტერესდა ახალი პროქტით და მისი დონის მენეჯერის მოწვევა მოვახერხეთ. ის იმუშავებს აკადემიის მიმართულებითაც და იმ სისტემას, სადაც არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი იზრდება, კიდევ უფრო დაუახლოვებს მთავარი გუნდის ფილოსოფიას და ხედვას.

გაცნობებთ, რომ კახა ცხადაძესთან კონტრაქტის ორი წლით გახანგრძლივებაზე შევთანხმდით. ბოლო წლების განმავლობაში ერთად არ გვყოლია ორი ისეთი გამოცდილი სპეციალისტი, როგორიც კახა ცხადაძე და ალექსანდრე რეხვიაშვილი არიან. ისინი ამ საქმეს თავს უკეთ გაართმევენ.

წლევანდელი ევროტურნირები რამდენიმე ფეხბურთელმა შეიწირა, თუმცა ისინი ხომ წინამორბედებმა მწვრთნელებმა მოიყვანეს. ახლა მაქსიმალურად ყველა მიმართულება პროფესიონალებს ჩაბარდება. რა თქმა უნდა, ბევრი რამ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული.

პირადად მე მაქსიმალურად ვცდილობ ”დინამოსთვის” ყველაფერი გავაკეთო. შეიძლება სადღაც დავაკელი, რადგან ფინანსური პრობლემები იყო. 1 ადამიანი არ გამიშვია სამსახურიდან. მხოლოდ 1 პრეტენზია მაქვს, ყველაფერს რეალურად უნდა შევხედოთ და არა რაღაც ქილიკით.”.

რეხვიაშვილი “დინამოს” ბორდის ახალი შემადგენლობის წევრი იქნება. იგი მთავარი გუნდის გარდა, პასუხისმგებელი იქნება აკადემიაში მიმდინარე პროცესებზე, სასელექციო და ანალიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბებაზე.

ალექსანდრე რეხვიაშვილი “მადლობელი ვარ “დინამო თბილისის” და ამ კლუბის პრეზიდენტის, რომ გუნდის სპორტული მიმართულების მართვის საშუალება მომეცა. ჩემთვის სიმბოლურია, რომ დინამო თბილისში პირველად ზუსტად 30 წლის წინ ვითამაშე, ახალა კი აქ ვარ როგორც სპორტული დირექტორი და მაქვს შესაძლებლობა კლუბის განვითარებაში საკუთარი წვლილი შევიტანო.

ამ პროექტის და მისი იდეის მჯერა, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არ ჩამოვიდოდი იმ სტაბილური გარემოდან, რომელშიც ვიყავი. წლების მანძილზე ვიმუშავე ბელარუსში, არაერთ წარმატებას მივაღწიეთ და მინდა ეს გამოცდილება დღეს “დინამოს” სასიკეთოდ გამოვიყენო.

ჩემი „დინამოში“ მოსვლის იდეა საიდან დაიბადა? კომუნიკაცია სულ გვქონდა, მაგრამ დეტალური ლაპარაკი აგვისტოში დაიწყო. ევროთასებზე ჩემი ყოფილი გუნდის და “დინამოს” წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ რომან ფიფიას ვესაუბრე, ძირითადი საკითხები გავიარეთ და მივიღე წინადადება, რომ „დინამოსთვის“ მეხელმძღვანელა – აკადემიით დაწყებული და მთავარი გუნდით დასრულებული, მათ შორის, სელექციაც იგულისხმება.

მთავარი აქცენტი „დინამოს“ აკადემიაზე უნდა გაკეთდეს, რომ შემადგენლობა ჩვენი აღრზდილებით დაკომპელქტდეს. მათ საშუალება უნდა მივცეთ, რომ თავის გამოვლენის საშუალება და სათამაშო პრაქტიკა მიიღონ.

ახალგაზრდებისა და გამოცდილების მქონე მოთამაშე სინთეზია საჭირო, რადგან საბოლოოდ, მუშაობა შედეგით ფასდება. ახალგაზრდები გამოცდილებთან უნდა გაიზარდონ როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. გაგვიმართლა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა, რომელთანაც მიმუშავია. ახალგაზრდებთან მუშაობა ის დიდი პლუსია, რაც მას გააჩნია”.

კახა ცხადაძე: “გუნდში მისვლისთანავე ვთქვით, რომ „დინამოში“ ყველაფერი გლობალურად უნდა შეცვლილიყო. აუცილებელია, რომ ევროპული ყაიდის კლუბი გახდეს. ამიტომ, საჭირო იყო ახალი სპორტული დირექტორი ალეკო რეხვიაშვილი, სელექცია უნდა გაძლიერდეს.

„დინამო“ არ უნდა იყოს ერთპიროვნულად მართული. საჭიროა ბორდი, რომელიც ორ ნაწილად გაიყოფა – მარკეტინგის ნაწილი და მეორე სპორტული მხარეა. უკვე ჩვენი გეგმა გვაქვს, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ.

აკადემიიდან მოთამაშეთა ნაკლებობას არ განვიცდით, მაგრამ უფრო მაღალ დონეზე მუშაობა და უფრო მაღალი დონის მწვრთნელებია საჭირო. მოდიან ტალანტები, მაგრამ ბევრი რამ სჭირდებათ – ფიზმომზადებაში, ინდივიდუალურად. შესაძლოა, უცხოელი სპეციალისტებიც მოვიდნენ, „დინამო“ აკადემიიდან უკეთ გაზრდილი მოთამაშეებით რომ მომარაგდეს.

მეორე და მთავარია, გამოცდილებისა და ახალგაზრდების სინთეზი მოხდეს. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ მოვიწვიოთ გამოცდილი მოთამაშე, რომელიც დიდი ხანია ნაკრებშია. ამაზე ვმუშაობთ. არ არის გამორიცხული, გუნდი უფრო კვალიფიციური ლეგიონერებით შეივსოს.

რეხვიაშვილი ისეთ წარმატებულ პროექტში მუშაობდა, როგორიც სოლიგორსკის „შახტარია“, რომელმაც „ბატეს“ ჰეგემონია დაამხო. ჩვენი მოტივაცია ქართული ფეხბურთის ხელშეწყობაა და ამიტომ წამოვიდა ალეკო სოლიგორსკიდან. აქ ორ თვეში „დინამოს“ მიმართ დიდი აგრესია დავინახე. მინდა, რომ ეს განწყობა შეიცვალოს და ხალხმა გუნდი ძველებურად შეიყვაროს. ეს ყველაზე მთავარი ამოცანაა.

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს – ფეხბურთელებს გუნდიდან წასვლა სურთ. „დინამოს“ ემბლემა კი ისეთივე მოთხოვნადი უნდა გახდეს, როგორც ადრე გახლდათ.

ბათუმის „დინამოდან“ ვინც საქართველოს ნაკრებში მოხვდა, მათი ნაწილი „დინამოს“ აღზრდილია. მთავარია, ჩვენი გაზრდილები შევინარჩუნოთ და ევროპაში ჩვენგან წავიდნენ. ახლა ბევრი ახალგაზრდა მოვიწვიეთ.

პრეზიდენტთან ახალ კონტრაქტზე რომ შევთანხმდით, მაშინ ვთქვით, რომ ადრეულ ასაკში არავინ არ უნდა წავიდეს. ჯერ აქ უნდა ითამაშოს, გახდეს ლიდერი და ევროპაში მერე წავიდეს”.

პრესკონფერენციაზე ცხადაძემ ისიც თქვა, რომ ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო და როდის დაბრუნდება არ იცის:

“ჯანო ჯერ გაჩერდა, ვარჯიში შეწყვიტა, ტკივილი იგრძნო, ტკივილმა შეაწუხა. სიმართლე გითხრათ, იმის თქმაც არ შემიძლია თუ როდის დაიწყებს ვარჯიშს, არც კი ვიცი როდის ვიხილავთ მინდორზე. ჯანო დიდი ძალაა. მოგეხსენებათ, მან მძიმე ოპერაცია გაიკეთა. იმედი მაქვს, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში დაგვიბრუნდება, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით. თუ ფორმაში შევა, ეროვნულ გუნდს კვლავ დაეხმარება”.