საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი მატჩი ვერ მოიგო.
მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D ჯგუფში დიდიე დეშამის გაწვრთნილები სტრასბურგში ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუზავდნენ – 1:1.
36-ე წუთზე, მასპინძლები დაცვაში შეცდნენ, რითაც ბოსნიელთა კაპიტანმა ედინ ჯეკომ კარგად ისარგებლა და საჯარიმოს ფარგლებს გარედან დარტყმით ანგარიში გახსნა.
39-ე წუთზე ფრანგებმა კუთხური ჩააწოდეს და ბურთი მცველების დასახმარებლად ჩასულ ჯეკოს მოხვდა, რის შემდეგ გრიზმანს შეეხო და კარში აღმოჩნდა.
51-ე წუთზე, უხეშობისთვის ფრანგების მარჯვენა მცველი კუნდე გააძევეს და ფრანგებმა მატჩი 10 კაცით დაასრულეს.
საფრანგეთის ნაკრებმა ზედიზედ 4 თამაშში ვერ გაიმარჯვა – უნგრეთთან (1:1), პორტუგალიასთან (2:2), შვეიცარიასთან (3:3) და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან (1:1).
მსგავსი ცუდი შედეგი ფრანგებს 2013 წლის მერე არ ჰქონიათ – მაშინ მიჯრით 5 მატჩი ვერ მოიგეს.





