დანიის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო-2020-ის 1/4-ფინალში ბაქოში „ოლიმპიურ“ სტადიონზე ჩეხეთი მინიმალური სხვაობით დაამარცხა და 1992 წლის შემდეგ პირველად, ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალში გავიდა.
დანიელები მე-5 წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც სტრიგერ ლარსენმა კუთხური ჩააწოდა და დელეინიმ თავით ბურთს კარში ადგილი მიუჩინა.
42-ე წუთზე, დანიელებმა კარგი კონტრშეტევა წამოიწყეს და მეილემ მარცხენა ფლანგიდან გარე ტერფით საუცხოო პასი მისცა ჩეხების საჯარიმოში მყოფ კასპერ დოლბერგს, რომელმაც სკანდინავიელები კიდევ უფრო დააწინაურა.
ჩეხებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს და 48-ე წუთზე მარჯვენა ფრთიდან მეტოქის საჯარიმოში ბურთი ცოუფალმა ჩააწოდა, ხოლო პატრიკ შიკმა ერთი შეხებით გაიტანა.
შიკი ევრო-2020-ზე გატანილი გოლების რაოდენობით პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა – ორივემ მეტოქეთა კარი 5-5-ჯერ აიღეს.
გარდა ამისა, შიკი ჩეხეთის ნაკრების ისტორიაში მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატებზე 5 გოლი მიითვალა. ბაროშმა ეს ევრო-2004-ზე მიითვალა.
ჩეხებმა დარჩენილ დროშ ანგარიში ვერ გაათანაბრეს და დანია ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ნაკრებია, რომელმაც ჯგუფში 2 თამაში წააგო და 1/2-ფინალში ითამაშებს.
დანიელებმა ევრო-2020-ზე მოგებულ ბოლო სამ შეხვედრაში 10 გოლი გაიტანეს და თავის კარში 2 გაუშვეს.