შენგელიას 6 ქულა გასვლაზე “მაკაბისთან”

0
0
ევროლიგის მე-13 ტურში თელ-ავივის „მაკაბიმ“ და „დუბაიმ“ ლიმასოლში ითამაშეს, სადაც ისრაელის კლუბი დროებით საშინაო მატჩებს მართავს. „ოლიმპიაკოსთან“ იმავე არენაზე განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, კამარ ბოლდუინის გუნდი „დუბაისთანაც“ დამარცხდა — 80:74.
შეხვედრა მასპინძლებისთვის იდეალურად დაიწყო — „მაკაბიმ“ პირველი მეოთხედი 26:14 მოიგო და პირველ ტაიმში 15-ქულიანი უპირატესობაც ჰქონდა. თუმცა, თამაშის სურათი შემდგომ მეოთხედებში შეიცვალა: ისრაელელებმა მომდევნო სამი პერიოდი დათმეს, მათ შორის ბოლო — 9 ქულით. „დუბაიმ“ ანგარიშში პირველად 65:62 დაწინაურდა და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია და კამარ ბოლდუინი მიმდინარე სეზონში ერთმანეთის პირისპირ პირველად წარდგნენ და ორივე მათგანი თავისი გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო.
ბოლდუინმა „მაკაბის“ რიგებში მეორე შეხვედრა ჩაატარა და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გახლდათ. ნატურალიზებულმა გამთამაშებელმა 22 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. კამარმა 10 სროლიდან 5 ზუსტად შეასრულა (50%), მათ შორის 2 სამქულიანი, საჯარიმო ხაზზე კი არ დამდგარა. მის ანგარიშზე 2 დაკარგვა და 2 პერსონალური ფოლი დაფიქსირდა.
თორნიკე შენგელიასთვის ეს მატჩი ნაკლებად შედეგიანი გამოდგა — ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე მხოლოდ 12 წუთი გაატარა და 6 ქულასა და 2 მოხსნას დასჯერდა. მან 6-დან ერთადერთი სროლა (სამქულიანი) გამოიყენა, ხოლო დანარჩენი 3 ქულა საჯარიმოებიდან აიღო (3/4). შენგელიას აქტივში 2 ფოლი და 1 დაკარგვა იყო.
„დუბაის“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 18 ქულა დუეინ ბეიკონმა ჩააგდო, მფიონდუ კაბენგელემ კი 9 ქულას 11 მოხსნა დაუმატა. „მაკაბიში“ ბოლდუინზე უკეთესი შედეგი მხოლოდ იამ მადარს ჰქონდა — 17 ქულა და 5 პასი.
„მაკაბისთვის“ ეს ევროლიგის ბოლო შვიდ ტურში მეექვსე მარცხია; გუნდი 3 მოგებითა და 10 წაგებით მე-18 ადგილზეა. ხავი პასკუალის გაწვრთნილი „დუბაი“ კი 9 გამარჯვებითა და 4 მარცხით ლიდერთა ჯგუფში იმყოფება.

წინ ორივე გუნდს მნიშვნელოვანი მატჩები ელის: „დუბაი“ სერბულ „პარტიზანს“ ჯერ ადრიატიკის ლიგაში, შემდეგ კი ევროლიგაში შეხვდება, ხოლო „მაკაბი“ ისრაელის ჩემპიონატში ჰოლონის „ჰაპოელს“ უმასპინძლებს და მე-14 ტურში ბოლდუინის ყოფილ კლუბს, „ბაიერნს“ დაუპირისპირდება.