ხვიჩა კვარაცხელია: „ჩემთვის ეს დიდი პატივია“

0
0

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია ფრანგულმა ჟურნალმა GQ-მ „წლის ადამიანად“ დაასახელა. პსჟ-ს გარემარბმა კუთვნილი პრიზი 18 ნოემბერს პარიზში გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე მიიღო.
„ჩემთვის ეს დიდი პატივია. პსჟ-ში თანაგუნდელებთან ერთად საუცხოო სეზონი ჩავატარე და ამით ძალიან ვამაყობ. მათ გარეშე ეს წარმოუდეგენელი იქნებოდა. მართლაც, ვამაყობ საკუთარი თავით და პარტნიორებით, რომლებიც ამ ჯილდოს მიღებაში დამეხმარნენ“ – განაცხადა კვარაცხელიამ ჯილდოს მიღების შემდეგ.
GQ „წლის ადამიანს“ 1996 წლიდან ასახელებს და იმ ადამიანებს აჯილდოვებს, რომლებმაც წლის განმავლობაში თავის სფეროში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს: სპორტში, კინოში, მუსიკაში, მოდაში და კულტურაში.
პსჟ-მ კვარაცხელია 2025 წლის იანვარში „ნაპოლიდან“ 70 მილიონ ევროდ შეიძინა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 91 მატჩში 29 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი გააკეთა. ხვიჩამ პარიზელებთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ, საფრანგეთის თასი ერთხელ, საფრანგეთის სუპერთასი ერთხელ, უეფას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, უეფას ევროპის სუპერთასი ორჯერ, ხოლო საკონტინენტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო. გარდა ამისა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ „ჩელსისთან“ დამარცხდა.
ის გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა. ის ამ მაჩვენებლით გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. ხვიჩა „ნაპოლის“ მაისურით 2022-2023 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთსო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
ლაშა თაბაგარი