რამაზ სვანაძე: “ძალიან ბევრს გადაწყვეტს ხასიათი”

0
0

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების B ლიგის მე-2 ჯგუფში ბოლო მატჩს 17 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინასთან ჩაატარებს.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა თამაშის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშა. ყვითელი ბარათების გამო უკრაინასთან მატჩს გიორგი წიტაიშვილი გამოტოვებს.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და ოთარ კაკაბაძემ უპასუხეს.
რამაზ სვანაძე: „უკრაინის ნაკრების ძალა კარგად ვიცით. დიდ პატივს ვცემთ როგორც გუნდს, ისე  მწვრთნელს. ორივე გუნდისთვის ძალიან რთული თამაში იქნება. გარდა სუფთა სტრატეგიული მომენტებისა და ტაქტიკური მონახაზისა, ძალიან ბევრს გადაწყვეტს ხასიათი, რომელიც ორივე გუნდმა ხვალ მოედანზე უნდა გამოავლინოს. ვიმედოვნებ, ხასიათის სიმტკიცე და მზაობა ჩვენგან უფრო მეტი იქნება და მატჩი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება.
დამამთავრებელ ფაზაში უფრო თამამები უნდა ვიყოთ. აგრესიულები უნდა ვიყოთ, როგორც უნგრეთთან პირველ ტაიმში ვითამაშეთ და კონცენტრაცია მთელი მატჩის განმავლობაში მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ. კარგად გვესმის, რომ სხვა შანსი აღარ გვექნება, ამიტომ ვეცდებით როგორც ფსიქოლოგიური, ისე სატურნირო საკითხები გამოვასწოროთ და სასურველი შედეგი მივიღოთ.
ყოველთვის მინდა ვნახო გუნდი, რომელიც შეკრებიდან შეკრებამდე პროგრესირებს, თუმცა ეს სამომავლო თემაა. ამ ეტაპზე ჩვენთვის ყველაზე მთავარი ხვალინდელი მატჩია“.
ოთარ კაკაბაძე: „ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის, რომელიც ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. გამარჯვება ყველას ძალიან მოგვენატრა და ვეცდებით გულშემატკივარი გავახაროთ. რაც შეეხება კაპიტნობას, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ყველამ იცით კვარაცხელიას ტრავმის შესახებ — ის დიდი ხნით გამოგვაკლდება, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ასევე გვაკლია ჩვენი მეორე კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი, რომელიც შედარებით მალე დაგვიბრუნდება. მათი შეცვლა ურთულესია, რადგან ორივე უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“.
უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ჯგუფში 11 ქულით პირველ ადგილზე ჩრდილოეთ ირლანდიაა, მეორეზე 10 ქულით – უნგრეთი, მესამეზე 4 ქულით უკრაინა, ხოლო საქართველო 2 ქულით ბოლოა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზთეფე, თურქეთი), ნოდარ ყალიჩავა (დინამო ბათუმი, საქართველო).
დაცვა: საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ივა გელაშვილი (კლუჟი, რუმინეთი), ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერისპორი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია, უკრაინა), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო ფაიერ, აშშ), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო, საქართველო), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა) სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი მოისწრაფიშვილი (სპარტაკ ტრნავა, სლოვაკეთი), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი).
ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი A ლიგაში დაწინაურდება. მეორეადგილოსანი პლეი-ოფში A ლიგის ჯგუფებში მე-4 ადგილზე გასულ საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ორი გუნდიდან და მე-3 ადგილზე გასული ყველაზე ცუდი მაჩვენებლის მქონე ორი გუნდიდან ერთ-ერთს  შეხვდება. ცნობისთვის, A ლიგიდან პირდაპირ ჯგუფებში მე-4 ადგილზე გასული გუნდებიდან ყველაზე ცუდი შედეგის მქონე ორი ვარდება.
B ლიგიდან პირდაპირ არავინ ვარდება. ჯგუფში მესამე პოზიციის მქონე ნაკრები ავტომატურად B ლიგაში რჩება.  მეოთხეადგილოსანი კი, B ლიგაში დასარჩენად, C ლიგის ჯგუფებში ერთ-ერთ მეორეადგილოსანს პლეი-ოფში დაუპირისპირება. C ლიგის ჯგუფების პირველადგილოსნები პირდაპირ B ლიგაში წინაურდებიან და მათ D ლიგის 6 გუნდი ემატებათ. ერთა ლიგის 2028-2029 წლების გათამაშება ახალი ფორმატით გაიმართება და D ლიგა უქმდება.
ლაშა თაბაგარი