კორსანტიას “ალიკანტე” ესპანეთში ლიდერობს

0
2

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (Primera FEB) წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს გიორგი კორსანტიას „ალიკანტე“. ქართველი მძიმე ფორვარდის გუნდმა ბრწყინვალე თამაში აჩვენა — „ალიკანტემ“ საკუთარ კედლებში „ფიბვი პალმა“ უშანსოდ, 34-ქულიანი სხვაობით, 100:66 დაამარცხა და ზედიზედ მე-8 გამარჯვება იზეიმა.
მატჩი განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა 28 წლის ქართველი ფორვარდისთვის, რომელმაც ფარქვეშ ნამდვილი დომინაცია აჩვენა. კორსანტიამ პარკეტზე 15 წუთი და 4 წამი გაატარა და თავის გუნდს 6 ქულა, 12 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
გიორგიმ პერიმეტრიდან ერთხელ სცადა ბურთის ჩაგდება, თუმცა უშედეგოდ, ხოლო საშუალო დისტანციიდან 5-დან 3 ორქულიანი გამოიყენა. აღსანიშნავია მისი საოცარი აქტივობა მოხსნებში: კორსანტიამ 12-დან 8 ბურთი საკუთარ ფარზე მოხსნა, ხოლო 4 — მეტოქის ფართან მოიპოვა, რითაც ამ კომპონენტში შეხვედრის აბსოლუტური საუკეთესო მოთამაშე გახდა. მის აქტივში 2 პერსონალური ფოლი და +16 „პლუს-მინუს“ კოეფიციენტიც დაფიქსირდა.
ამ გამარჯვებით „ალიკანტემ“ შესანიშნავი სერია გააგრძელა — გუნდს 8 მოგება და 0 მარცხი აქვს, რითაც Primera FEB-ის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. გიორგი კორსანტიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 22 ნოემბერს, სტუმრად „ოვიედოს“ წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც ის საბერძნეთში გაემგზავრება და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება.